2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
25 იანვარი არის მნიშვნელოვანი დღე ბათუმის ისტორიაში. სწორედ ამ დღეს, 128 წლის წინ, 1895 წლის 25 იანვარს, ბათუმმა აირჩია პირველი ქალაქისთავი ლუკა ასათიანი. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დღეს საკრებულოს თანამშრომელთა ინიციატივით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ლუკა ასათიანის პორტრეტი განთავსდა. პორტრეტი ბათუმელმა მხატვარმა, ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის თანამშრომელმა ელგუჯა ხაზარაძემ შეასრულა და ბათუმის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოსცა.
ლუკა ასათიანის მოღვაწეობამ უდიდესი კვალი დააჩნია ბათუმის განვითარებას. ფაქტობრივად არ ყოფილა რომელიმე სფერო, რომელზეც ლუკას თავისი ხელი არ დაედო. დიდია მისი ღვაწლი ბათუმის განაშენიანების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალურად გაყვანილი სანიაღვრე კანალიზაციის არხები (მათ შორის ჟილინსკისა და ივანოვის არხები), რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. ყოველივე ამან განაპირობა ქალაქში ჭაობიანი ადგილების დაშრობა და მეტად საშიში ავადმყოფობის მალარიის მოსპობა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა. ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივით დაიწყო ბათუმის საბჭოს შენობის აგება, რომელშიც ამჟამად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული. მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ლუკა ასათიანი, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც მადლიერი შთამომავლობა დღესაც ბათუმის ჭეშმარიტ მოურავად, ბათუმის მოჭირნახულედ, დამაშვრალ მოღვაწედ, სიკეთის მთესველ ლუკად მოიხსენიებს.