საკრებულოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვიდა.
საკრებულოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვიდა.
ბათუმის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა.
მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე გამოქვეყნდა საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ წარმოდგენილ პროექტს და მონაწილეობა მიიღონ განხილვის პროცესში.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართება.
მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს აპარატში რეგისტრაციის შემდეგ, წინასწარი განხილვისთვის გადაეცემა საკრებულოს დარგობრივ კომისიებსა და ფრაქციებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, ბიუჯეტის პროექტის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში წერილობით ბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც ახდენს მათ რეგისტრაციასა და სისტემატიზაციას დარგობრივი ნიშნის მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ (იმავე დღესვე) საკრებულოს თავმჯდომარის რეზოლუციით გადაეცემა საკრებულოს შესაბამის დარგობრივ კომისიებს.
საკრებულოს დარგობრივი კომისიები, ფრაქციები და საკრებულოს წევრები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე თავიანთ დასკვნებს, წინადადებებსა და შენიშვნებს წარუდგენენ საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას.
საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია იწვევს გაფართოებულ სხდომას, რომელზეც განიხილება დარგობრივი კომისიების დასკვნები, ფრაქციებისა და საკრებულოს წევრების შენიშვნები და წინადადებები, მათ შორის, დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი წინადადებები და მასთან დაკავშირებით დარგობრივი კომისიების რეკომენდაციები.
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია გაფართოებულ სხდომაზე, კომისიის წევრთა მონაწილეობით ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე, ღებულობს შემაჯამებელ დასკვნას პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის მიერ შემუშავებული შემაჯამებელი დასკვნა და საჭიროების შემთხვევაში, ქალაქის მერისთვის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გასაგზავნი წერილის პროექტი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტთან და პრიორიტეტების დოკუმენტთან დაკავშირებით, წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც თავის მხრივ არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნით უბრუნებს მერს.
მნიშვნელოვანია, რომ შენიშვნები და წინადადებები, რომელიც წარდგენილი იქნება ბათუმის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დარღვევით, არ გაითვალისწინება.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება 16 ნოემბერს, ორშაბათს, 12 საათზე, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. 25.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი იხილეთ ბმულზე: https://batumicc.ge/ka/page/493













