საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

29 ოქტომბერი 2026

ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, მუნიციპალური ქონებით სარგებლობის, საიჯარო ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანისა და პარკირების საფასურის რეგულირების საკითხები განიხილეს.

სხდომაზე იმსჯელეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ქონების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას - 7 ობიექტი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმას 9 ობიექტი ემატება.

კომისიამ განიხილა პარმენ რურუას ქუჩა №12-ის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 589 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 130 კვ.მ ფართობის სერვიტუტის უფლებით დატვირთვასთან დაკავშირებით ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი. პროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთი შპს „ელთ ბილდინგის“ საკუთრებაში არსებული, პარმენ რურუას ქუჩა №10-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ დაიტვირთება. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული წლიური სარგებლობის საფასური - 6 144 ლარი -მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩაირიცხება. სერვიტუტის პირობებით, დაუშვებელი იქნება ტერიტორიის შემოსაზღვრა ან ქვეითად მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა.

სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ხუთ ლოკაციაზე განთავსებული გარე განათების ბოძების შპს „მაგთიკომისთვის“ სარგებლობაში გადაცემის საკითხი. ქონება მობილური და მობილური ინტერნეტის კავშირის ანტენებისა და აპარატურის განთავსებისთვის, პირდაპირი განკარგვის წესით, 2028 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით გადაეცემა. სარგებლობის წლიური საფასური 9 500 ლარით განისაზღვრება.

კომისიის წევრებმა იმსჯელეს ჟიული შარტავას გამზირზე, გმირთა ხეივანში, საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის ქვეშ მდებარე მუნიციპალური არასაცხოვრებელი ფართების იჯარის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის საკითხზეც. პროექტის მიხედვით, მოიჯარეებს საიჯარო საზღაურის პირველი გადახდის ვადა 2026 წლის 1 დეკემბრამდე გადაუვადდებათ, ხოლო იჯარის ვადა 5 წლითა და ექვსი თვით განისაზღვრება. ასევე განისაზღვრება სარემონტო სამუშაოების დასრულების, კომუნალური მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმებისა და ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადების ათვლის წესი. პროექტი მოიჯარეების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული ან დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

კომისიამ განიხილა სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №94–96-ში განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების საკითხის მოწესრიგების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 26 სექტემბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი. ცვლილება განკარგულების დანართში ბინების უწყვეტი, ზრდადი ნუმერაციის დაზუსტებასა და ავარიული საცხოვრებლების მესაკუთრეებისთვის გადასაცემი ბინების სამართლებრივი ფორმის -საკუთრების ან მომავალი საკუთრების - მითითებას ითვალისწინებს. აღნიშნული დაზუსტება აუცილებელია ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის.

სხდომაზე პარკირების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხიც განიხილეს. ბათუმში პარკირების საერთო და სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასურის დადგენის წესში ცვლილების პროექტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პარკირების საფასურისგან გათავისუფლდებიან, თუ მათ მართვაში არსებული ან მათი გადაყვანისთვის განკუთვნილი ავტომანქანა სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ადგილზე განთავსდება და შესაბამისი საცნობი ნიშნით იქნება იდენტიფიცირებული. ცვლილების მიზანია პარკირების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და შეღავათით სარგებლობის მკაფიო წესის განსაზღვრა. 

კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს. 

სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 ოქტომბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)