ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები
ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოც საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას - 7 ობიექტი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმას 9 ობიექტი დაემატა.
საკრებულომ თანხმობა მისცა ბათუმის მერს, პარმენ რურუას ქუჩა №12-ის მიმდებარედ მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 589 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 130 კვ.მ ფართობი სერვიტუტის უფლებით დაეტვირთა შპს „ელთ ბილდინგის“ საკუთრებაში არსებული, პარმენ რურუას ქუჩა №10-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ. წლიური სარგებლობის საფასური 6 144 ლარით განისაზღვრა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩაირიცხება. სერვიტუტის პირობებით, დაუშვებელია ტერიტორიის შემოსაზღვრა და ქვეითად მოსიარულეთა თუ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა.
საკრებულომ თანხმობა მისცა ბათუმის მერს, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ხუთ ლოკაციაზე განთავსებული გარე განათების ბოძები შპს „მაგთიკომისთვის“ სარგებლობაში გადაეცა მობილური და მობილური ინტერნეტის კავშირის ანტენებისა და აპარატურის განსათავსებლად. სარგებლობის ვადა 2028 წლის 15 სექტემბრამდე განისაზღვრა, წლიური საფასური კი 9 500 ლარია.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა ჟიული შარტავას გამზირზე, გმირთა ხეივანში, საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის ქვეშ მდებარე მუნიციპალური არასაცხოვრებელი ფართების იჯარის ხელშეკრულებებში. მოიჯარეებს საიჯარო საზღაურის პირველი გადახდის ვადა 2026 წლის 1 დეკემბრამდე გადაუვადდათ, იჯარის ვადა კი ხუთი წლითა და ექვსი თვით განისაზღვრა. დაზუსტდა სარემონტო სამუშაოების დასრულების, კომუნალური მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმებისა და ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადების ათვლის წესი. მოიჯარეები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული ან დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდნენ.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა 2025 წლის 26 სექტემბრის განკარგულებაში, რომელიც სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №94-96-ში განხორციელებულ ქალაქთმშენებლობით ღონისძიებებს ეხება. ცვლილებით დაზუსტდა ბინების უწყვეტი, ზრდადი ნუმერაცია და ავარიული საცხოვრებლების მესაკუთრეებისთვის ბინების გადაცემის სამართლებრივი ფორმა - საკუთრება ან მომავალი საკუთრება. აღნიშნული ცვლილება აუცილებელია ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა ბათუმში პარკირების წესებში. განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური საცნობი ნიშნის გაცემისა და გამოყენების წესი, QR კოდით მისი გადამოწმებისა და დარღვევების მონიტორინგის მექანიზმები. საცნობი ნიშნის არამართლზომიერად გამოყენების შემთხვევაში მისი მოქმედება ექვსი თვით შეჩერდება. ასევე შესაძლებელი გახდა სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული საცნობი ნიშნების ბათუმში გამოყენება მუნიციპალიტეტებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. საცნობი ნიშნების დამზადების ხარჯებს მუნიციპალიტეტი დაფარავს.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა პარკირების საერთო და სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასურის დადგენის წესში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პარკირების საფასურისგან გათავისუფლდნენ იმ შემთხვევაში, თუ მათ მართვაში არსებული ან მათი გადაყვანისთვის განკუთვნილი ავტომანქანა სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ადგილზე განთავსდება და შესაბამისი საცნობი ნიშნით იქნება იდენტიფიცირებული. ცვლილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას არ საჭიროებს.
საკრებულომ დაამტკიცა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის ახალი წესი. დოკუმენტი ითვალისწინებს ცხოველების ერთიანი იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემას, მეპატრონეთა და მიმკედლებელთა ვალდებულებებს, ვაქცინაციის, სტერილიზაციისა და კასტრაციის, გარემოს დასუფთავების, სანაშენე დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკებისა და თავშესაფრების საქმიანობის რეგულირებას. წესი მიზნად ისახავს ცხოველთა კეთილდღეობის დაცვასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამასთან, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2026 წლის 25 თებერვლის №14 დადგენილება.
საკრებულომ დაამტკიცა შპს „ვესთ პოინტის“ პროექტისთვის დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები. პროექტი ითვალისწინებს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდასა და 28-სართულიანი, მაქსიმუმ 100 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელი შენობის მშენებლობას. ავტოსადგომებისა და გამწვანების პარამეტრები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება. მშენებლობის ნებართვის აღებამდე მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ უპირობო და გამოუხმობი სერვიტუტით დაიტვირთება 265 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10% მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა შპს „რადიუსის“ პროექტთან დაკავშირებით მიღებულ განკარგულებაში. დაზუსტდა საპროექტო მიწის ნაკვეთების ფართობები და საკადასტრო მონაცემები, ასევე შენობების ბლოკების რაოდენობა, სართულიანობა და სიმაღლე. საცხოვრებელი ბლოკებისთვის განისაზღვრა 12, 12 და 15 სართული, მაქსიმალური სიმაღლით 47,8 მეტრი, ხოლო ოთხი კომერციული ბლოკისთვის - სამ-სამი სართული და მაქსიმუმ 12 მეტრი სიმაღლე. სხვა პარამეტრები უცვლელი დარჩა.
საკრებულომ დაამტკიცა მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა მამია ვარშანიძის ქუჩა №70-სა და №70ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე. პროექტი ითვალისწინებს 16-20-სართულიანი შენობების განთავსებას, მაქსიმუმ 80 მეტრი სიმაღლით, და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას. გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ერთზე მეტი დონის მიწისქვეშა ავტოსადგომის ნაცვლად, შიდა საავტომობილო გზის გასწვრივ ღია ავტოსადგომები მოეწყობა. მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვრა მუნიციპალიტეტისთვის ნამატი საანგარიშო ფართობის 10%-ის შესაბამისი საცხოვრებელი ბინების „შავი კარკასის“ მდგომარეობით გადაცემა ან ნამატი ფართობის 4%-ის შესაბამისი „თეთრი კარკასის“ ღირებულების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადახდა მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმა ადლიის ქუჩა №62ა, №62ბ, №64 და №64ა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის. პროექტი ითვალისწინებს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას, 48,4 მეტრი სიმაღლის შენობის მშენებლობასა და მიწისქვეშა და მიწისზედა დონეებზე ჯამში 400 ავტოსადგომის მოწყობას. მუნიციპალიტეტისთვის კომპენსაციის სახით გათვალისწინებულია ნამატი საანგარიშო ფართობის 10%-ის შესაბამისი საცხოვრებელი ბინების „შავი კარკასის“ მდგომარეობით გადაცემა ან ნამატი ფართობის 4%-ის შესაბამისი „თეთრი კარკასის“ ღირებულების ბიუჯეტში გადახდა მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმა აეროპორტის გზატკეცილის №93ა-ში მდებარე 9 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. პროექტი ითვალისწინებს 17-სართულიანი, 49,2 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელი შენობის მშენებლობასა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას. მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტს გადაეცემა ნამატი საანგარიშო ფართობის 10%-ის შესაბამისი საცხოვრებელი ბინები „შავი კარკასის“ მდგომარეობით ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხდება ნამატი ფართობის 4%-ის შესაბამისი „თეთრი კარკასის“ ღირებულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა შპს „კომუნა ჰოლდინგის“ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალურ გეგმაში. ცვლილება კანონმდებლობით დადგენილი ავტოსადგომების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, კომპანიას დაევალა მშენებლობის ნებართვის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 80 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომების მოწყობის პროექტის შეთანხმება და განხორციელება.
საკრებულომ დაამტკიცა შპს „კერა გროუპის“ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა ანგისის I შესახვევისა და ხასან ჰელიმიშის ქუჩების მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე. პროექტი ითვალისწინებს 26-სართულიანი, მაქსიმუმ 79,02 მეტრი სიმაღლის კომპლექსის მშენებლობასა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას.
საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმა შპს „ლაინ 7-ის“ პროექტისთვის, რომელიც გრიგოლ ლორთქიფანიძისა და გრიგოლ ელიავას ქუჩებზე, მინდასა და ანგისის დასახლებებში მდებარე მიწის ნაკვეთებს მოიცავს. პროექტი ითვალისწინებს 25-სართულიანი, 82 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას. მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვრა მუნიციპალიტეტისთვის ნამატი საანგარიშო ფართობის 10%-ის შესაბამისი საცხოვრებელი ბინების „შავი კარკასის“ მდგომარეობით გადაცემა ან ნამატი ფართობის 4%-ის შესაბამისი „თეთრი კარკასის“ ღირებულების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადახდა მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
საკრებულომ დაამტკიცა შპს „ლაგუნა რეზორთის“ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა ადლიის ქუჩაზე, 10 269 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს ოთხი ბლოკის განთავსებას: ორ 15-სართულიან საცხოვრებელ ბლოკს, ერთ 13-სართულიან საცხოვრებელ ბლოკსა და 10-სართულიან სასტუმროს. ტერიტორია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით განსაზღვრულ არეალში მდებარეობს, სადაც შენობების დასაშვები სიმაღლეები 48,3 და 42,03 მეტრია. მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტისთვის ნამატი საანგარიშო ფართობის 10%-ის შესაბამისი საცხოვრებელი ბინების „შავი კარკასის“ მდგომარეობით გადაცემა ან ნამატი ფართობის 4%-ის შესაბამისი „თეთრი კარკასის“ ღირებულების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადახდა მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების შესახებ წინადადების მოსამზადებლად შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის თაობაზე 2026 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში. ცვლილება უკავშირდება მუნიციპალიტეტის ახალ სტრუქტურას, კერძოდ, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის შექმნის შემდეგ სამუშაო ჯგუფის შესახებ დოკუმენტის შესაბამისობაში მოყვანას.
საკრებულომ ერთი თვით გააგრძელა ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების საკითხზე შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის საკითხთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს და მოამზადებს დასაბუთებულ პოზიციას.
საკრებულომ ქალაქ ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. N 17-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე გამორჩეული ბათუმელი მხატვრისა და არქიტექტორის ალბერტ წილოსანის მეომორიალური დაფის განთავსების საკითხს მხარი დაუჭირა.
ალბერტ წილოსანმა ფასდაუდებელი ხელწერა დაუტოვა ბათუმის კულტურულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობას, როგორიცაა ბათუმის ღვთიმშობლის შობის საკათედრო ტაძრის უნიკალური ნამუშევრები - ვიტრაჟები, გრანდიოზული ჭაღები და მონუმენტური ჭედური კარები. მისი შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი კაფე ,,ფანტაზია“ (,,რვაფეხა“), ზღაპრული მოზაიკით. მასვე ეკუთვნის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ცენტრალური ჭედური კარი, ბათუმის სინაგოგის შიდა ინტერიერის მხატვრული გაფორმება და მოწყობა, ზღვისპირა პარკისა და დელფინარიუმის სივრცის მოზაიკური პანოები.a
30 ოქტომბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













