ბათუმში პირველკლასელებმა გარემოსდაცვითი კამპანიის ფარგლებში 600-ზე მეტი ნერგი დარგეს.
ბათუმში პირველკლასელებმა გარემოსდაცვითი კამპანიის ფარგლებში 600-ზე მეტი ნერგი დარგეს.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით გარემოსდაცვითი პროექტის - „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში ხორციელდება, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები შეუერთდნენ. კამპანიის ფარგლებში პირველკლასელებმა 600-ზე მეტი ნერგი დარგეს.
ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ადრეული ასაკიდან განვითარებაა. პირველკლასელების უშუალო მონაწილეობა ნერგების დარგვაში ბავშვებს ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას პრაქტიკული გამოცდილებით აცნობს და მათ გარემოს დაცვის პროცესის მონაწილეებად აქცევს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ 22 ოქტომბერს დაიწყო. მისი განხორციელების ფარგლებში აჭარის რეგიონში 5000-ზე მეტი ნერგის დარგვაა დაგეგმილი.













