,,დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა''
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება
2007 წლის 5 მარტის N13
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის წინამდებარე შინაგანაწესი შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე (შემდგომში - ქ. ბათუმი, საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატი, მოსამსახურე, შინაგანაწესი).
2. შინაგანაწესის მიზანია:
ა) საკრებულოს აპარატისათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) სამუშაო დროის მოწესრიგება და რაციონალური გამოყენება;
დ) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის ზრდა;
ვ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
ზ) ხელმძღვანელობასა და მოსამსახურეთა შორის შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება.
3. შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და უქმე დღეებში, შესვენების დროს, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) მოსამსახურის მიერ კუთვნილი შვებულების გამოყენების პირობები და წესი;
ე) მოსამსახურის მივლინებაში გაშვების წესი;
ვ) სამსახურებრივ საკითხებზე გაცემულ განკარგულებათა მოსამსახურეებისათვის გაცნობის წესი;
ზ) ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი;
თ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი წესები;
ი) სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი;
კ) სამსახურში თამბაქოს მოწევის წესი, ადგილი და პასუხისმგებლობა.
4. შინაგანაწესით მოსაწესრიგებელი საკითხები, რომელიც არ არის განსა-ზღვრული კანონმდებლობით ან/და ამ შინაგანაწესით და რომელიც შედის საკრებულოს (მისი აპარატის) კომპეტენციაში განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.
მუხლი 2. სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული, შესვენების დრო
1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც მოსამსახურე ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი.
2. საჯარო სამსახურის განხორციელება საკრებულოს აპარატში ეფუძნება საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპს და განსაზღვრულია 5 დღიანი სამუშაო კვირით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. საკრებულოს აპარატში ხუთდღიანი სამუშაო კვირის პირობებში ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება 7 საათით. უქმე დღის წინა სამუშაო დღის ხანგრძლი-ვობა მცირდება 1 საათით, საღამოს საათების ხარჯზე.
3. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე პერიოდით.
4. მოსამსახურისათვის სამუშაო დროის განმავლობაში განსაზღვრულია შესვენების დრო, რომელიც გრძელდება 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.
5. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე, თავისი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება საკრებულოს აპარატის გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.
მუხლი 3. დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებებში ყოფნის პირობები და წესი
საკრებულოს შენობაში მოსამსახურის მუშაობა (ყოფნა) დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ნებაყოფლობითია.
მუხლი 4. შვებულების უფლების გამოყენების წესი
1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, 30 კალენდარული დღის ოდენობით.
2. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს 1 წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მოსამსახურეს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ.
4. მოსამსახურეს (ქალს) კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო დამატებითი შვებულება.
5. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს შვებულებაში გასვლამდე 5 დღით ადრე მაინც. აღნიშნული ვადის დარღვევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ თუ არსებობს ამისათვის საპატიო მიზეზი.
6. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის თანხმობა.
7. სტრუქტურული დანაყოფის უფროსი უფლებამოსილია უარი თქვას თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მოსამსახურის შვებულებაში გაშვება.
8. იმ შემთხვევაში თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანა.
9. დაუშვებელია ყოველწლიური შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც სამსახურიდან განთავისუფლებულ პირს შვებულებით არ უსარგებლია.
10. შვებულებაში გასვლის განრიგი ყოველწლიურად მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. შვებულებაში გასვლის განრიგის პროექტს შეიმუშავებს საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან შეთანხმებით.
11. მოსამსახურის შვებულებაში გასვლის თაობაზე კანონმდებლობითა და ამ შინაგანაწესით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას ღებულობს საკრებულოს თავმჯდომარე. შვებულებაში გასვლა ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 5. მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახების წესი;
1. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. შვებულებიდან გამოძახების აუცილებლობის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს აპარატის უფროსი ან/და აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
3. თუ შვებულებიდან გამოძახების გამო მოსამსახურემ სრულად ვერ ისარგებლა კუთვნილი შვებულებით, მაშინ დანაკლისი დღეებით შვებულების უფლება მოსამსახურემ შეიძლება გამოიყენოს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს, მას შემდეგ რაც შვებულებიდან გამოძახების მიზეზი აღმოიფხვრება.
მუხლი 6. საკრებულოს აპარატის მუშაკის მივლინებაში გაშვების წესი;
1. მოსამსახურის მივლინებაში გაშვების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. მოსამსახურის მივლინებაში გაშვება ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. მივლინებაში გაშვების თაობაზე მოსამსახურე როგორც წესი 3 სამუშაო დღით ადრე განცხადებით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს. მივლინების შესახებ განცხადება შეიძლება გაკეთდეს უფრო გვიანაც თუ არსებობს ამის საპატიო მიზეზი ან/და თუ მოსამსახურის მივლინებაში წასვლა გადაწყვიტა საკრებულოს თავმჯდომარემ.
3. მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს აპარატის შესაბამისი სამსახური მოსამსახურეს უფორმებს შესაბამის სამივლინებო ფურცელს.
4. მოსამსახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.
5. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (სარგო, პრემია დანამატი)
6. მოსამსახურეს ეძლევა სამივლინებო ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. სამივლინებო ანაზღაურება მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს წინასწარ (მივლინაბაში წასვლამდე) ან მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ. თუ სამივლინებო ანაზღაურება საჯარო მოსამსახურეს მიეცა წინასწარ და მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ კანონმდებლობის ან/და მივლინების დოკუმენტებით მოსამსახურეს ეკუთვნის იმაზე მეტი თანხა ვიდრე მან მივლინებაში წასვლამდე მიიღო მაშინ საკრებულოს აპარატის ბუღალტერია ვალდებულია მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს აუნაზღაუროს დანაკლისი თანხა, ხოლო, თუ მოსამსახურეს ეკუთვნის იმაზე ნაკლები თანხა ვიდრე მან მივლინებაში წასვლამდე მიიღო, მაშინ მივლინებაში მყოფი მოსამსახურე ვალდებულია საკრებულოს აპარატის ბუღალტერიას დაუბ-რუნოს მეტობით მიღებული თანხა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მივლინებაში მყოფი მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიუთითოს მოხსენებით ბარათში.
7. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მივლინებიდან დაბრუნებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი მივლინებიდან დაბრუნების თაობაზე და დაურთოს მივლინებაში ყოფნასთან დაკავშირებული, არსებული წესით დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტები (მგზავრობის ბილეთი, სასტუმროს ქვითარი და სალარო აპარატის ჩეკი).
მუხლი 7. სამსახურებრივ საკითხებზე მიღებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების მოსამსახურეებისათვის გაცნობის წესი.
1. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეიძლება იყოს ზოგადი (ვრცელდებოდეს ყველა მოსამსახურეზე) ან პერსონალური (ვრცელდებოდეს ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე). ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოსცეს საკრებულოს თავმჯდომარემ ან მიიღოს საკრებულომ.
2. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული (მიღებული) ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ოფიციალურად ეცნობა ის მოსამსახურე ან მოსამ-სახურეთა განსაზღვრული ჯგუფი, რომელსაც ეხება იგი.
3. ოფიციალურად გაცნობა ნიშნავს იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც ეხება აქტი, დოკუმენტის მეორე მხარეს ხელმოწერას, მითითებით `გავეცანი”.
4. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება ყველა მოსამსახურეს აქტის ოფიციალურად გაცნობის წესი შეიძლება შეიცვალოს მისი საჯაროდ გამოცხადებით.
5. საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაწესებულებაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსებას.
6. მოსამსახურეს ამ მუხლით დადგენილი წესით შეიძლება სამსახურებრივი საკითხების შესრულებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ან საკრებულოს აპარატის უფროსმა მისცეს დავალება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე. ასეთი დავალება ზეპირი ფორმისაა და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრული გაცნობის წესები.
7. პერსონალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან დავალების გაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი შესრულება უშუალოდ არ შედის იმ მოსამსახურის უფლება-მოვალეობებში ვისაც დაევალა სამსახურებრივი საკითხის შესრულება, მაგრამ იგი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს აპარატის კომპეტენციაა და მისი შემსრულებელი პირი არ არსებოს ან არ იმყოფება სამსახურში. ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულება შეიძლება დაევალოს იმ მოსამსახურეს ვინც ამ საკითხში კოპეტენტურია (ვისაც აქვს ამის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობა).
8. მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური აქტისა და დავალების გარეშეც შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.
მუხლი 8. ხელფასისა და სამივლინებო (საშვებულებო) თანხების გაცემის დრო და ადგილი
1. მოსამსახურეებზე ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ.
2. მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებსა და თანამდებობათა დასახელებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს ქ. ბათუმის საკრებულო.
3. მოსამსახურეს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, ბიუჯეტით დამტკიცებული შესაბამისი ასიგნების ფარგლებში, დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს პრემია და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დანამატები. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პრემიის ოდენობა შეიძლება იყოს დიფერენცირებული. პრემიის დიფერენციაცია განისაზღვრება მოსამსახურის შრომის ნაყოფიერების, კეთილსინდისიერების, საქმიანობის საპასუხისმგებლო დატვირთვის, სამსახურში ადმინისტრაციული მოსწრების, ზეგანაკვეთური მუშაო-ბისა და სხვა საქმიანი და პირადი თვისებების გათვალისწინებით.
4. ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს მოსამსახურეთა პლასტიკურ ბარათზე დარიცხვით, შესაბამის საბანკო დაწესებულებაში.
5. მოსამსახურეებზე სამივლინებო და საშვებულებო თანხები გაიცემა საკრე-ბულოს შენობაში ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 9. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარეს წინასწარ, ერთი დღით ადრე მაინც წარუდგინოს განცხადება სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით. საკრებულოს თავმჯდომარე განცხადებაზე შესაბამისი რეზოლუციის შესრულებით აკმაყოფილებს წარდგენილ განცხადებას ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული განცხადების განხილვისას საკრებულოს თავმჯდომარე ითვალისწინებს იმას თუ რამდენად აუცილებელი და საპატიოა განთავისუფლების დასახელებული მიზეზი.
2. წინასწარ ცნობილი მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. სამსახურში გამოცხადების შემდეგ მოსამსახურემ საკრებულოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე.
3. ამ მუხლით განსაზღვრული განცხადების, ან ახსნა-განმარტებითი ბარათის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სამსახურში გამოუცხადებლობა მოსამსახურეს ეთვლება სამსახურის გაცდენად (თვითნებურ მიტოვებად). განცხადებისა და ახსნა-განმარტებითი ბარათის საკითხის განხილვისას საკრებულოს თავმჯდომარემ შეიძლება შესაბამისი კონსულტაციები მიიღოს და გაითვალისწინოს საკრებულოს აპარატის უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსის) წინადადებები.
4. სამსახურში დღის განმავლობაში შესაძლო დაგვიანების ან სამუშაო დროის დასრულებამდე სამსახურიდან წასვლისათვის მოსამსახურე ამის შესახებ ზეპირად ატყობინებს თავის უშუალო უფროსს, რომლის ნებართვაც საკმარისია აღნიშნულის დაკმაყოფილებისათვის. თუ მოსამსახურე ნებართვის გარეშე აგვიანებს ან/და ადრე მიდის სამსახურიდან ან თუ ასეთი მოთხოვნა სისტემატური ხასიათისაა უშუალო ხელმძღვანელი უფლებამოსილია მის მიმართ დისციპლი-ნარული პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის გამოყენების თაობაზე მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების და დღის განმავლობაში დაწესებულებებიდან გასვლის აღრიცხვა შესაძლებელია წარმოებდეს სპეციალური ჟურნალით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით.
მუხლი 10. მოსამსახურის სამსახურში მიღება და განთავისუფლება
1. მოსამსახურე სამსახურში მიიღება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ მოსამსახურე ვალდებულია საკრებულოს პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს დაუბრუნოს ყველა ის მატერიალური ფასეულობა, რომელიც მას სარგებლობაში გადაეცა საკრებულოს აპარატში მუშაობის პერიოდში.
3. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან განთავისუფლებიდან 5 დღის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინოს საკრებულოს კუთვნილი მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი მოსამსახურეების ხელმოწერით. აღნიშნუ-ლი მოთხოვნის შესრულების შემდეგ მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.
მუხლი 11. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი წესი
1. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელობა ვალდებულია მოსამსახურეებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები.
2. მოსამსახურე ვალდებულია განუხრელად ასრულებდეს შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.
3. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) შეასრულოს ხელმძღვანელობის განკარგულებები;
ბ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები;
გ) გაუფრთხილდეს მინდობილ, დაწესებულების ქონებას.
დ) შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.
ე) წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში.
4. დაუშვებელია საკრებულოს შენობაში ხანძარსაშიში, ტოქსიკური ან სხვა მავნე ნივთიერების შემოტანა და მისი მოთავსება.
მუხლი 12. თამბაქოს მოწევის წესი, ადგილი და პასუხისმგებლობა
1. საკრებულოს შენობაში დაუშვებელია თამბაქოს მოწევა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა.
2. საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში თამბაქოს მოწევისათის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოიყოფა სპეციალური ადგილი.
3. თამბაქოს მოწევისათვის სპეციალური ადგილის გამოყოფა აკრძალულია:
ა) მოსაცდელ ოთახებში, კორიდორებში, კიბის უჯრედებში;
ბ) ჰიგიენურ წერტილებში;
გ) მცირე ზომის დახურული ტიპის კონსტრუქციებში;
დ) წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, გათბობის, ხანძარ-საწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ტერიტორიაზე;
ე) ,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა ადგილებში.
4. ადგილები, რომლებიც გამოიყოფა თამბაქოს მოწევისათვის უნდა ექვემდე-ბარებოდეს ვენტილაციას.
5. თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე განთავსდება შესაბამისი აბრა (ნიშანი).
6. თამბაქოს მოწევის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხის-მგებლობა, მისი ოდენობა, სამართალდარღვევის განხილვა და მასთან დაკავში-რებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით.
7. თამბაქოს მოწევის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების განზრახ დარღ-ვევისათვის საკრებულოს თავმჯდომარე, აპარატის უფროსის, მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით უფლება-მოსილია გამოიყენოს `საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) თამბაქოს მოწევის წესების პირველად დარღვევისათვის - გაფრთხილება;
ბ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში თამბაქოს მოწევის წესების დარღ-ვევის გამო მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შემდეგ თამბაქოს მოწევის წესების ხელმეორედ დარღვევისათვის - არაუმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
გ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში თამბაქოს მოწევის წესების დარ-ღვევის გამო მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის 2-ჯერ გამოყენების შემდეგ თამბაქოს მოწევის წესების მესამედ დარღვევისათვის - სამსახურიდან განთავისუფლება `საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
8. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით. ადმინისტრაციული ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოსამსახურეს არ ანთავისუფლებს თამბაქოს მოწევის წესების დაცვის ვალდებულებებისგან.
9. თუ პიროვნებას თავისუფლად გადაადგილების უნარი არ შესწევს ინვალიდობის ან/და ავადმყოფობის გამო, განურჩევლად იმისა, თუ სად იმყოფება იგი, უფლება აქვს თამბაქო მოწიოს იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ თამბაქოს მოწევა აკრძალულია.
მუხლი 13. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს აპარატის ყველა მოსამსახურეთათვის, მათ შორის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციაში ანაზღაურებით მოწვეული სპეციალისტებისათვის.
2. შინაგანაწესი გამოიკვრება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას.
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს ეკისრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა.
4. საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხთა სამსახური ვალდებულია შინაგანაწესის ძალაში შესვლის დროისთვის დანიშნულ (მიღებულ) მოსამსახურეს გააცნოს (ჩამოართვას ამის შესახებ ხელწერილი) წინამდებარე შინაგანაწესი, მისი ძალაში შესვლიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო შემდგომ პერიოდში მიღებულ მოსამსახურეს – სამსახურში მიღებისას. ხელწერილი ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.
5. შინაგანაწესში ცვლილებები და დამატებები შეიტანება დადგენილი წესით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.