2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
საკრებულომ განკარგულებით დაამტკიცა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხი, რომლითაც განისაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, ასევე, განისაზღვრა ადგილები სტენდებისათვის სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. განკარგულება შეიცავს იმავე რეგულაციებს, რაც დადგენილი იყო წინა არჩევნების დროს, ამასთან, დამატებით დასაშვები გახდა სარეკლამო ბილბორდებში საარჩევნო პლაკატების განთავსება.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულომ ასევე განკარგულებით დაამტკიცა, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტებისთვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით შენობა-ნაგებობის გამოყოფის საკითხი, რომლის თანახმადაც საარჩევნო სუბიეტებისათვის საარჩევნო პერიოდიოდის განმავლობაში საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით გამოიყო ქ. ბათუმის ბულვარში მდებარე ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობა.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის, პრივატიზაციის გეგმის და სარგებლობის უფლებით განსაკარგი ობიექტების სარგებლობის საფასურის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში (2015 წლის 23 ივნისის N36) შესატან ცვლილებას. ცვლილების მიხედვით, საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას ემატება სამი საპრივატიზებო ობიექტი, რომელთა განკარგვა იგეგმება პირობიანი აუქციონების გამოცხადების გზით ერთ ლოტად, რა დროსაც პრივატიზებისას სააუქციონო პირობად განისაზღვრება მყიდველის მიერ საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეტექნიკის სერვისების, დიაგნოსტირებისა და შეკეთების ობიექტის მშენებლობა, რომლის ჯამური საინვეტიციო ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 მლნ ლარს.
ცვლილება შევიდა, ასევე, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის N50-ე დადგენილებაში. ცვლილების მიხედვით, დადგინდა ერთსართულიანი, ორსართულიანი და სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთის საზღვრები. დადგენილებაში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად, საზღვრები არ უდგინდებოდა იმ მრავალბინიან სახლებს, რომლებსაც ამ ცვლილებების ამოქმედებამდე დაუდგინდათ მიწის ნაკვეთების საზღვრები. ასევე ერთსართულიანი, ორსართულიანი და სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობის დადგენისას განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (K2) განისაზღვრება მხოლოდ თავისუფალ (დაურეგისტრირებელ) მიწის ნაკვეთებზე. აღნიშნული ცვლილების პრაქტიკულად განხორციელების პერიოდში შეიქმნა გარკვეული სახის პრობლემები, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა ერთსართულიანი, ორსართულიანი და სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობის დადგენა, რის გამოც აუცილებელი შეიქმნა დადგენილებაში ცვლილების შეტანა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმში, დავით კლდიაშვილის ქ.N13/15-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ისმეთ დიასამიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა განთავსდება. ისმეთ დიასამიძე აჭარის დამსახურებული ინჟინერი, მეცნიერი, ეკოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო. მის სახელთან არის დაკავშირებული აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის დაფუძნება და მისი შემდგომი განვითარება. ის იყო საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
საკრებულოს სხდომას ბათუმის მერიის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.