2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
ბათუმის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილეს.
ბიუჯეტის პროექტი განსაზღვრავს 2027 წელს მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესასრულებლად მისაღებ შემოსულობებსა და გასაწევ გადასახდელებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
პროექტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულების დაფინანსება ჯამში 52,610.9 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა მოხმარდება სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების უზრუნველყოფას, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის (ენერგოეფექტიანობა – KfW ბანკი) პროექტის დამატებით თანადაფინანსებას, საბავშვო ბაღების შენობების კეთილმოწყობას, მათ შორის დემონტაჟს, მშენებლობას, გამაგრებასა და რეაბილიტაციას. ასევე გათვალისწინებულია ფრიდონ ხალვაშის გამზირის N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაფინანსება.
პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით პროექტი ითვალისწინებს პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და წარმატებული სტუდენტების სტიპენდიით უზრუნველყოფის ქვეპროგრამების დაფინანსებას.
კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა პროგრამისა და ქვეპროგრამის განხორციელება. მათ შორისაა მასობრივი სპორტის განვითარებისა და ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა, სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა, კულტურული ღონისძიებების მართვა, კულტურული მრავალფეროვნებისა და საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა.
ასევე გათვალისწინებულია კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების, ფოლკლორის, თანამედროვე და კლასიკური მუსიკისა და ხელოვანთა ხელშეწყობა; აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საქმიანობის დაფინანსება; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია; ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობა და ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა შეიმუშავეს, რომელიც შემდგომი განხილვისა და შემაჯამებელი დასკვნის მომზადების მიზნით საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა













