2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები:
საკრებულომ დაამტკიცა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“. დადგენილებით განისაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების პროცედურული საკითხები, რომელთა მიზანია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერებული მშენებლობების კონტროლის პროცესის გაუმჯობესება და კონტროლის მექანიზმების გამკაცრება, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული შეჩერებული მშენებლობების გაგრძელების ფაქტები.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ანგისის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა. განკარგულების მიღებას საფუძვლად დაედო ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ 2019 წლის 11 აპრილის N22 საოქმო გადაწყვეტილება და N15 რეკომენდაცია, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ანგისის დასახლებაში მდებარე 204 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის N1 (ს.კ.05.32.13.507) კერძო საკუთრებაში გადაცემა.
საკრებულომ თანხმობა მისცა შპს „თაუერ ჯგუფს“ ქ. ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდის მოსაწყობად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ხიდის საყრდენების განთავსების თაობაზე. საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება ითვალისწინებს მდ. ბარცხანასა და მდ. ყოროლისწყალს შორის მდებარე 27046,0 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.30.37.035) ნაწილზე - 61,0 კვ.მ-ზე და ქ. ბათუმში, ქუჩა ნაწილი N4-ში მდებარე 32163,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.30.20.006) ნაწილზე - 5,0 კვ.მ-ზე ხიდის საყრდენების განთავსებას შემდეგი პირობებით: გადასასვლელი ხიდი უნდა იყოს სრულიად ადაპტირებული შშმ პირთათვის; ხიდით შეუფერხებლად სარგებლობა უნდა შეეძლოს ნებისმიერ პირს. გადასასვლელი ხიდის მოწყობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით და უნდა დასრულდეს მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქ. ბათუმის №1 პოლიკლინიკისათვის“ უზუფრუქტის უფლებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, მიღებული განკარგულება ითვალისწინებს შპს „ქ. ბათუმის №1 პოლიკლინიკისთვის“ 5 (ხუთი) წლის ვადით, უზუფრუქტის უფლებით სასყიდლიან სარგებლობაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აეროპორტის გზატკეცილი №55-ში მდებარე 572,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 426,40 კვ.მ შენობა-ნაგებობიდან პირველ სართულზე არსებული 292,00 კვ.მ ფართისა (ს/კ №05.32.01.628) და ასევე, ქ. ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილი №24-ში მდებარე 578,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 შენობის 1–ელ სართულზე არსებული 192,66 კვ.მ ფართის (ს/კ №05.36.24.309.01.500) სარგებლობაში გადაცემას. განკარგულებით, მითითებული უძრავი ქონების (ორი ობიექტი) წლიური სარგებლობის საფასური (სიმბოლური) განისაზღვრა 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ განსაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური. განკარგულების მიხედვით, მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დროს გამოყენებული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა №000959223, 10.02.2023 წ. დასკვნის შესაბამისად, 05.21.21.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1790.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს 3694676,0 ლარს, 1 კვ.მ მიწის საბაზრო ღირებულება – 2064,06 ლარს, საიჯარო ქირა 5% - 103,20 ლარს; საბოლოოდ, 1 კვ.მ მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა არანაკლებ 5%-სა - 105,0 ლარით.
საკრებულომ განსაზღვრა ის პროგრამული ღონისძიებები (ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების გეგმა), რომლითაც ქალაქ ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებასა და სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №94-96-ის მიმდებარედ ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდება. აღნიშნული განკარგულების მიღება ავარიული პროგრამის ფარგლებში ავარიულ საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა საცხოვრისის გაუმჯობესების მიზნით ახალი ბინებით ჩანაცვლებას და ქირის საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფას ემსახურება .
საკრებულომ, განკარგულებით, ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესში. ცვლილების მიღება განაპირობა აღნიშნული წესით მოქმედების პერიოდში გამოკვეთილმა რიგმა საკითხებმა, რომლებიც დამატებითი პირობების განსაზღვრას საჭიროებდა. შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №გ-15.15221684 განკარგულებაში, განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომელიც განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, საუბარია შპს „ბათმშენის“ (ს/კ 445404517) წინადადებაზე, ქ. ბათუმში, ნ. ფიროსმანის ქ. N15-ში მდებარე კომპანიის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.24.08.107) განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი დადგენილი 4,6-დან გაიზარდოს 12,0-მდე იმ პირობით, რომ გათვალისწინებული ღონისძიების შედეგად შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა (დაახლოებით 3 500 კვ.მეტრი), სასარგებლო ფართობის სახით, დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და გამოყენებული იქნება სოციალური მიზნით, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის.
საკრებულომ დაამტკიცა საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ქ. ბათუმში მდებარე გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე (05.32.03.215; N05.32.16.239; N05.32.03.101; N05.32.16.227; N05.32.16.228; N05.32.16.230; N05.32.16.242) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცებას ითვალისწინებს. განკარგულების მიღების მიზანს წარმოადგენს, ინიციატორის მიერ დასახელებული ტერიტორიების განვითარება, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, ტერიტორიის განახლება და მიწის ნაკვეთების განვითარება, მათი გამოყენებისა და განაშენიანების კონკრეტული რეგულირება და ტერიტორიის ფუნქციურ მდგრად ერთეულად ჩამოყალიბება.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. N25–ში მდებარე შენობის ფასადზე – დამსახურებული პედაგოგის გიორგი (გოგი) ქათამიძის, ზურაბ გორგილაძის ქ. N74–ში მდებარე სახლზე საქართველოს დამსახურებული არტისტის ცირა აბზიანიძის მემორიალური დაფები განთავსდება, ხოლო ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, მწერალთა კავშირის მოპირდაპირედ, მზის საათის სკვერში, ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი დაიდგმება.
მორიგ სხდომას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.