ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ქალაქში პარკირების წესებისა და საფასურის რეგულირების, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი და მრავალფუნქციური კომპლექსების განაშენიანების დეტალური გეგმების დამტკიცებისა და ცვლილებების შეტანის საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილებით სარგებლობის წესის გაუმჯობესებაზე. შესაბამისი პროექტის მიხედვით, განისაზღვრება სპეციალური საცნობი ნიშნის გაცემისა და გამოყენების წესი, მისი QR კოდით გადამოწმებისა და დარღვევების მონიტორინგის მექანიზმები. საცნობი ნიშნის არამართლზომიერი გამოყენების შემთხვევაში მისი მოქმედება ექვსი თვით შეჩერდება. ასევე შესაძლებელი გახდება სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული საცნობი ნიშნების ბათუმში გამოყენება, მუნიციპალიტეტებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. საცნობი ნიშნების დამზადების ხარჯებს მუნიციპალიტეტი დაფარავს.
კომისიამ ასევე განიხილა პარკირების საერთო და სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასურის დადგენის წესში ცვლილების შეტანის საკითხი. პროექტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გათავისუფლდებიან პარკირების საფასურისგან, თუ მათ მართვის ქვეშ მყოფი ან მათი გადამყვანი ავტომანქანა სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ადგილზე განთავსდება და შესაბამისი საცნობი ნიშნით იქნება იდენტიფიცირებული. ცვლილების მიზანია პარკირების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და შეღავათით სარგებლობის მკაფიო წესის განსაზღვრა.
კომისიამ განიხილა ანგისის ქუჩა №48-ში შპს „ვესთ პოინტის“ პროექტისთვის დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების საკითხი. პროექტი ითვალისწინებს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდასა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. ავტოსადგომებისა და გამწვანების პარამეტრები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება. ხელშემწყობი ღონისძიებების სანაცვლოდ, მშენებლობის ნებართვის აღებამდე, მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ უპირობო და გამოუხმობი სერვიტუტით დაიტვირთება 265 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10% მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება.
კომისიამ იმსჯელა შპს „რადიუსის“ პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს 2025 წლის 31 მარტის განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზეც. ცვლილება ითვალისწინებს საპროექტო მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საკადასტრო მონაცემების, აგრეთვე შენობების სართულიანობისა და ბლოკების რაოდენობის დაზუსტებას. განკარგულებით განსაზღვრული სხვა მაჩვენებლები უცვლელი რჩება.
განიხილეს მამია ვარშანიძის ქუჩა №70-სა და №70ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხი. პროექტი ითვალისწინებს მრავალსართულიანი შენობის განთავსებასა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას. გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ერთზე მეტი დონის მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობის ნაცვლად, შიდა საავტომობილო გზის გასწვრივ ღია ავტოსადგომები განთავსდება. მაკომპენსირებელ ღონისძიებად განსაზღვრულია მუნიციპალიტეტისთვის ნამატი საანგარიშო ფართობის 10%-ის შესაბამისი საცხოვრებელი ბინების „შავი კარკასის“ მდგომარეობით გადაცემა ან ნამატი ფართობის 4%-ის შესაბამისი „თეთრი კარკასის“ ღირებულების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადახდა მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
კომისიამ განიხილა შპს „ელიზიუმ დეველოპმენტის“ პროექტიც, რომელიც ადლიის ქუჩაზე, №62ა, №62ბ, №64 და №64ა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთებს მოიცავს. პროექტი ითვალისწინებს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას, მრავალსართულიანი შენობის მშენებლობასა და მიწისქვეშა და მიწისზედა დონეებზე ჯამში 400 ავტოსადგომის მოწყობას. მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტისთვის ნამატი საანგარიშო ფართობის 10%-ის შესაბამისი საცხოვრებელი ბინების „შავი კარკასის“ მდგომარეობით გადაცემა ან ნამატი ფართობის 4%-ის შესაბამისი „თეთრი კარკასის“ ღირებულების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადახდა მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
სხდომაზე იმსჯელეს აეროპორტის გზატკეცილის №93ა-ში მდებარე 9 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხზე. შპს „იელთი ბილდინგ - ჰაივეის“ პროექტი ითვალისწინებს მრავალსართულიანი შენობის მშენებლობასა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას. მაკომპენსირებელი ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტს გადაეცემა ნამატი საანგარიშო ფართობის 10%-ის შესაბამისი საცხოვრებელი ბინები „შავი კარკასის“ მდგომარეობით ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხდება ნამატი ფართობის 4%-ის შესაბამისი „თეთრი კარკასის“ ღირებულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
კომისიის წევრებმა განიხილეს ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის ცვლილების საკითხიც. შპს „კომუნა ჰოლდინგის“ ინიციატივა კანონმდებლობით დადგენილი ავტოსადგომების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, კომპანიას დაევალა მშენებლობის ნებართვის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 80 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომების მოწყობის პროექტის შეთანხმება და განხორციელება.
კომისიამ ასევე განიხილა ანგისის I შესახვევისა და ხასან ჰელიმიშის ქუჩების მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხი. შპს „კერა გროუპის“ პროექტი მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობასა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას ითვალისწინებს.
განიხილეს შპს „ლაინ 7-ის“ პროექტიც, რომელიც გრიგოლ ლორთქიფანიძისა და გრიგოლ ელიავას ქუჩებზე, მინდასა და ანგისის დასახლებებში მდებარე მიწის ნაკვეთებს მოიცავს. პროექტი ითვალისწინებს მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას. მაკომპენსირებელ ღონისძიებად განსაზღვრულია მუნიციპალიტეტისთვის ნამატი საანგარიშო ფართობის 10%-ის შესაბამისი საცხოვრებელი ბინების „შავი კარკასის“ მდგომარეობით გადაცემა ან ნამატი ფართობის 4%-ის შესაბამისი „თეთრი კარკასის“ ღირებულების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადახდა მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს შპს „ლაგუნა რეზორთის“ პროექტზეც, რომელიც ადლიის ქუჩაზე, 10 269 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტით დაგეგმილია ოთხი ბლოკის განთავსება. მშენებლობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით განსაზღვრულ არეალშია დაგეგმილი, სადაც შენობების დასაშვები სიმაღლეები 48,3 და 42,03 მეტრია. მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტისთვის ნამატი საანგარიშო ფართობის 10%-ის შესაბამისი საცხოვრებელი ბინების „შავი კარკასის“ მდგომარეობით გადაცემა ან ნამატი ფართობის 4%-ის შესაბამისი „თეთრი კარკასის“ ღირებულების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადახდა მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
კომისიის წევრება სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თვმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
30 ოქტომბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













