2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. პროექტი საქართველოს მასშტაბით სადემონტრაციო სახით პირველად ბათუმში განხორციელდება და იგი საჯარო შენობების,ძირითადად, საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით მოდერნიზებას ითვალისწინებს. პროექტის მეორე კომპონენტი გულისხმობს სადემონსტრაციო პროექტის რეპლიკაციას ეროვნულ დონეზე და მის ერთ-ერთ მიზანს, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებასთან ერთად, ენერგოეფექტური მასალების მიმართულებით ქართული ბაზრის განვითარება წარმოადგენს.
აღნიშნული პროექტის - „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და ევროკავშირის შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან დაახლოება“ - ფარგლებში დღეს ბათუმის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის განსაკუთრებული შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და KFW-ს წარმომადგენელმა კლაუს ფაიგელმა მოაწერეს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. სადემონსტრაციო პროექტი ფინანსდება საგრანტო ფონდებით, რასაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მეშვეობით უზრუნველყოფს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. დაფინანსების ოდენობა შეადგენს 5.722 მილიონ ევრო გრანტს .
აღნიშნული სადემონსტრაციო პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმი იქნება პირველი ქალაქი საქართველოში, რომელიც დანერგავს ენერგოეფექტურობის ევროპულ სტანდარტებს საბავშვო ბაღებში.
ბათუმის მერიასა და KFW ბანკს შორის განსაკუთრებული შეთანხმების გაფორმების ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.