ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
30 აპრილი 2024
 

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 308 727,2 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ - 343 456,8 ათასი ლარი; ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 361 377,2 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ კი - 337 641,2 ათასი ლარი. 2023 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა მერიის სამსახურების დებულებებში, კერძოდ: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულებაში, მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულებაში, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულებაში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულებაში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულებაში, ასევე, მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში. ცვლილებების მიზანია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურებში ინსტიტუციური ცვლილებების შედეგად შესაბამისი სამსახურების მიზნებისა და ფუნქციების, საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების ახლებური განსაზღვრა და ჩამოყალიბება, ასევე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მთლიანად ან/და ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, შტატების გადაადგილება.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში. ცვლილების მიღება განაპირობა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს 2024 წლის 01 ივნისიდან დანიშნოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. აღნიშნულის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობას დაემატა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიცია, კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.
ცვლილება შევიდა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში. კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2024 წლის 16 იანვარს გაფორმებული №35 ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის მიზნით განკარგულებით განსაზღვრული ქონების ახლად შეფასება/გადაფასება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე (თევზების ბაზრის მიმდებარედ) არსებული 3159.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.29.10.016) საბაზრო ღირებულებად განსაზღვრულ იქნა 3 191 327 ლარი, რომლის 5% შეადგენს 159 566,35 ლარს. საბოლოოდ, ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრა 160 000,0 ლარის ოდენობით.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საცობების თავიდან აცილებისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზების მიზნით, რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მოძრაობა გაცალმხრივდა.
ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტებში, კერძოდ: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაინიშნა სამარშრუტო ხაზი №18 შემდეგი მიმართულებით: შარაშიძის ქუჩა, მამია ვარშანიძის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა, შარტავას ქუჩა, აბუსერიძის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, საბაგირო, 60-წუთიანი ინტერვალით. სხდომაზე აღინიშნა, რომ ცვლილებები მგზავრთა მოთხოვნით განხორციელდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში ჯემალ ჯაყელისა და სიმონ ართმელაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მათსავე საცხოვრებელ სახლებზე მემორიალური დაფები განთავსდება, ხოლო, გ. ანწუხელიძის ქუჩისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის წრიულიდან მდ. ჭოროხამდე არსებულ საავტომობილო გზას ქუჩის სატატუსი მიენიჭა და დავით ართმელაძის სახელი ეწოდა.
საკრებულომ, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განიხილა და დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.6470) განაშენიანების დეტალური გეგმა. განკარგულების მიხედვით, გეგმარებითი ერთეული მოიცავს მოიცავს ოთხ მიწის ნაკვეთს და მასზე იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს რამდენიმე საკითხს, რომლებიც კონკრეტულ ობიექტებზე ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ დროებით ხელშემწყობ ღონისძიებებს და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდას ითვალისწინებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 955
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები