განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს ახლადშემუშავებული დადგენილების პროექტი განიხილეს.
პროექტით განისაზღვრება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების პირობები, შესაბამისი განცხადების წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა, განცხადების განხილვის, ხარვეზის დადგენისა და აღმოფხვრის ვადები, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისა და მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებული ვადები, კანონითა და წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან, საქართველოს კულტურის სფეროში უფლებამოსილ ორგანოებთან, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში უფლებამოსილ ორგანოსთან და სხვა მიმართულების უწყებებთან კოორდინაციის მექანიზმები, საკუთარი სახსრებით მემორიალური ობიექტის განთავსების წესი, ობიექტის ვიზუალური ინსპექტირებისა და მიღება-ჩაბარების პროცედურები, განთავსებულ ობიექტზე QR-კოდის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მექანიზმი.
ახლადშემუშავებული პროექტის მიზანია ქალაქის საზოგადოებრივ სივრცეში მემორიალური ობიექტების განთავსების ერთიანი წესის ჩამოყალიბება.
სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში შესული ოლღა ჟღენტის კორესპონდენცია ქალაქ ბათუმში, „საზაფხულო თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დამსახურებული არქიტექტორის კახა ჯავახიშვილის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე.
ვინაიდან ზემოხსენებული პიროვნების მემორიალური დაფა უკვე განთავსებულია ქალაქ ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქ. N3–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, კომისიის წევრებმა აღნიშნული მემორიალური დაფის ხელმეორედ განთავსებას მხარი არ დაუჭირეს.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა
30 სექტემბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













