ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
04 აგვისტო 2016
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა ექვსი საკითხი განიხილეს. დღის წესრიგი კოლეგებს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა წარუდგინა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ქ. ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის შემოსულობებისა და განვლილ პერიოდში ჩატარებული დაფიქსირებული ეკონომიების საფუძველზე, ბიუჯეტის ასიგნებები ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით, ჯამში 892 ათასი ლარით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები რესურსების სხვადასხვა სფეროზე გადანაწილებას ითვალისწინებს, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ცვლილებები გახორციელდა, ძირითადად, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებში.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ“ ბათუმის  საკრებულოს 2012 წლის 136-ე განკარგულებაში ცვლილების და დამატების შეტანას, რომლის მიხედვითაც დგინდება ბაზირების ერთი ახალი პუნქტი და  ცვლილება შედის არსებულ ბაზირების პუნქტში. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ეგარსლან ლომაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვას.
სხდომაზე დამტკიცდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა ახალი რედაქციით. ასევე, ცვლილებები შევიდა ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხშიც. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობაში  გახორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიები გადავიდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან მერიის სისტემაში გადავიდა ორი საშტატო ერთეული. ამასთან, სამსახურებრივი ფუნქციების დატვირთულობიდან გამომდინარე, მოხდა ზოგიერთი თანამდებობის უფრო მაღალი კატეგორიის ან/და რანგის თანამდებობად ჩამოყალიბება. ასევე, ბათუმის მერის ორი მრჩევლის შტატის გაუქმების საფუძველზე,  გახორციელდა მერიის კანცელარიაში მიწის აღიარების კომისიის ოპერატორის - ერთი  შტატის  და მერიის ზედამხედველობის სამსახურში ერთი შტატის დამატება.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს საერთო სასამართლოებში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ“ საკრებულოს 2016 წლის  მე-8 განაკარგულება და  ქალაქის მერიას ეთხოვა საკრებულოს ინტერესების გახორციელება საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში, აგრეთვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საკრებულოს მიერ ან საკრებულოს მიმართ აღძრულ სარჩელებთან, ყველა კატეგორიის სამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე ქ. ბათუმის მერს მიეცა თანხმობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 5500 ცალი კრამიტი და 2100 კვ.მ ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (მეორადი) უსასყიდლოდ, თხოვების უფლებით გადასცეს სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“.  
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, მერიის საქალაქო სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5765
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები