ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიია
ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი რამდენიმე საკითხი განიხილეს.
კომისიამ განიხილა მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადასახდელები 50.1 ათასი ლარით იზრდება.
პროექტი ითვალისწინებს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე. კერძოდ, ეკონომიების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხები გადანაწილდა ინფრასტრუქტურის განვითარების ქვეპროგრამებში.
კომისიამ იმსჯელა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების ახალი წესის დამტკიცების შესახებ.
ასევე განიხილა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
იმსჯელა ქალაქ ბათუმში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს გეგმარებითი ერთეულის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის დაზუსტებას.
კომისიამ განიხილა ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების დამტკიცების საკითხი, რომელიც ქ. ბათუმში, ტბეთის შესახვევის №4-ში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და მის ნაცვლად 21-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, სამშენებლო დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით დამტკიცებას ითვალისწინებს.
კომისიამ იმსჯელა „მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ცვლილება ორ საკითხს ითვალისწინებს. კერძოდ: შპს „სკაილაინ კორპორეიშენის“ მიერ მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების ფარგლებში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ყოფილი კაფე-ბარი „ტუპების“ ადგილას და მის მიმდებარედ, ჯამში 2500 კვ.მ ფართობზე, თანამედროვე რეკრეაციული სივრცის (სკვერის) მოწყობის ვალდებულებასა და ფინანსურ თანამონაწილეობას. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობის სანაცვლოდ, კომპანია ითხოვს ტბელ აბუსერიძის ქუჩა №44-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობას. პროექტით გათვალისწინებულია 26-სართულიანი შენობის მშენებლობა და ნამატი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის 10%-ის შესაბამისი ფართობის საცხოვრებელი ბინების სახით მუნიციპალიტეტს გადაეცემა.
მეორე საკითხი შპს „გორგ თაუერის“ მოთხოვნას ეხება. კომპანიის ითხოვს წმინდა ანდრია პირველწოდებულის IV ჩიხის №23-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი ობიექტის ფუნქციური დანიშნულების ცვლილებას - სასტუმროს ნაცვლად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. ცვლილება არ ითვალისწინებს განკარგულებით განსაზღვრული სხვა მაჩვენებლების კორექტირებას
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით, ანგისის ქუჩა №85-სა და ანგისის I შესახვევის №40-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხზე. შპს „გურუ ქონსთრაქშენის“ მოთხოვნით, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ფარგლებში, იგეგმება 30-სართულიანი შენობის მშენებლობა. დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ, 248 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ უპირობო და გამოუხმობი სერვიტუტით დაიტვირთება, ხოლო შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10% მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება სასარგებლო ფართობის სახით.
კომისიამ იმსჯელა „განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე. შპს „ინვესტ ჯგუფის“ მომართვის საფუძველზე, ცვლილება ითვალისწინებს განკარგულებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, საპროექტო ტერიტორიაში დამატებით ერთი მიწის ნაკვეთის ასახვას, აგრეთვე მიწის ნაკვეთების კონფიგურაციისა და საკადასტრო კოდების ცვლილების შესაბამისად საპროექტო ტერიტორიისა და საპროექტო გზისთვის განკუთვნილი ნაკვეთების მონაცემების დაზუსტებას. ცვლილება არ ეხება განკარგულებით განსაზღვრულ სხვა მაჩვენებლებს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













