2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებები მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვითაც იზრდება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებით ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებათა დაფინანსება, რაც ჯამში, ბათუმის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, 33 მლნ 50 ათას ლარს შეადგენს.
საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის 2023-2027 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების მოძიება და აღსრულება იმგვარად, რომ ისინი პასუხობდნენ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საკრებულომ ქალაქის ოთხ ლოკაციაზე (მეჯინისწყალზე, ფრიდონ ხალვაშის N188–ში; რუსთაველის ქ. N20–ში; რუსთაველის ქ. N21–ში; ფარნავაზ მეფის N68–ში) დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმები. აღსანიშნავია, რომ მოცემულ მისამართებზე საკრებულოს უკვე მიღებული ჰქონდა განაშენიანების კონცეფციები, ხოლო დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა განაშენიანების მეორე ეტაპზე გათვალისწინებული დეტალური გეგმები.
დღესვე საკრებულომ დაადგინა ქალაქ ბათუმში სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ასევე, დაამტკიცა ცვლილებები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 44,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე, – მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. №231-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება.
ცვლილება შევიდა „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში. მიღებული ცვლილება პროგრამით სარგებლობის მიღების შესაძლებლობას აძლევს იმ ოჯახებს, რომლებიც ბათუმში რეგისტრირებული იყვნენ 2019 წლის 28 თებერვლის №15 განკარგულების ამოქმედებამდე.
საკრებულომ განსაზღვრა მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ფარგლებში ქ. ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქ. N82-ში აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინების ღირებულებისა და ბენეფიციართა მიერ ყოველთვიური გადასახადის ოდენობა.
სხდომას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, მერიის სამსახურების და საზოგადოების წარმომადგენლები.
სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.