საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

27 ნოემბერი 2026

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა თხუთმეტი საკითხი განიხილეს. 

საკრებულომ ცვლილებები შეიტანა მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში, რომლის შესაბამისადაც  მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადასახდელები  50.1 ათასი ლარით გაიზარდა. 
რესურსები ოპტიმალურად გადანაწილდა ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში, მათ შორის, ჯანდაცვის, სპორტის და ინფრასტრუქტურის განვითარების ცალკეულ ღონისძიებებში.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებები, კერძოდ, ქ. ბათუმში, დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა №23-ში, N46-ში მდებარე საცხოვრებელი ფართები და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ასევე, ყაზბეგის ქუჩა №16-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე არსებული ფართი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა, შემდგომში მისი ფაქტობრივი მფლობელისათვის გადაცემის მიზნით. 
აღნიშნული ქონებების გადაცემა განხორციელდა „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე. 

საკრებულომ ცვლილება შეიტანა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა №29-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის განკარგულებაში, რაც  შპს „გრანდ მოლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, მიღებული ცვლილების შესაბამისად,  შპს ,,გრანდ მოლმა“ საკუთარი ხარჯებით სს ,,ენერგო პრო-ჯორჯიასთან“ შეთანხმებული პირობებით და ვადით უნდა უზრუნველყოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული 7 ერთეული სატრანსფორმატორო პუნქტის გარემონტება ან/და სარემონტო ხარჯების  სს ,,ენერგო პრო-ჯორჯიასთვის“ გადახდა.

საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების ახალი წესი.   

საკრებულომ განიხილა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. მიღებული ცვლილების მიხედვით, ავარიული საცხოვრებელი სახლის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ იმავე ტერიტორიაზე ჩანაცვლების შემთხვევაში, არ გავრცელდება განაშენიანების კოეფიციენტის, გამწვანებისა და ავტოსადგომების მინიმალურ მაჩვენებლებთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომლებიც დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 6¹⁷ პუნქტით არის განსაზღვრული. 

ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში. ცვლილება ითვალისწინებს  გეგმარებითი ერთეულის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის დაზუსტებას. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, დაკორექტირდა დადგენილების სათაური და განაშენიანების დეტალური გეგმის დანართი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

საკრებულომ განიხილა ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების დამტკიცების საკითხი, რაც  ითვალისწინებს ბათუმში, ტბეთის შესახვევის №4-ში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟსა და მის ნაცვლად 21-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და სამშენებლო დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით დამტკიცებას.  მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის საკომპენსაციოდ, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

ცვლილება შევიდა „მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის განკარგულებაში, რომელიც  ორ საკითხს ითვალისწინებს. კერძოდ: შპს „სკაილაინ კორპორეიშენის“ მიერ მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების ფარგლებში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ყოფილი კაფე-ბარი „ტუპების“ ადგილას და მის მიმდებარედ, ჯამში 2500 კვ.მ ფართობზე, თანამედროვე რეკრეაციული სივრცის (სკვერის) მოწყობის ვალდებულებასა და ფინანსურ თანამონაწილეობას. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობის სანაცვლოდ, კომპანიას ისარგებლებს ტბელ აბუსერიძის ქუჩა №44-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით. განკარგულებით  გათვალისწინებულია 26-სართულიანი  შენობის მშენებლობა და ნამატი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის 10%-ის შესაბამისი ფართობის საცხოვრებელი ბინების სახით მუნიციპალიტეტისთვის გადაეცემა.
მეორე საკითხი ეხებოდა შპს „გორგ თაუერის“ მიერ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის IV ჩიხის №23-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი ობიექტის ფუნქციური დანიშნულების ცვლილებას - სასტუმროს ნაცვლად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. ცვლილება არ ითვალისწინებს განკარგულებით განსაზღვრული სხვა მაჩვენებლების კორექტირებას.

საკრებულომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით, ანგისის ქუჩა №85-სა და ანგისის I შესახვევის  №40-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხზე.
შპს „გურუ ქონსთრაქშენის“ მოთხოვნით, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ფარგლებში, იგეგმება 30-სართულიანი შენობის მშენებლობა.
დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ, 248 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ უპირობო და გამოუხმობი სერვიტუტით დაიტვირთება, ხოლო შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10% მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება სასარგებლო ფართობის სახით.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა  „განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს განკარგულებაში.
შპს „ინვესტ ჯგუფის“ მომართვის საფუძველზე, ცვლილება ითვალისწინებს განკარგულებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ - საპროექტო ტერიტორიაში დამატებით ერთი მიწის ნაკვეთის ასახვას, აგრეთვე მიწის ნაკვეთების კონფიგურაციისა და საკადასტრო კოდების ცვლილების შესაბამისად საპროექტო ტერიტორიისა და საპროექტო გზისთვის განკუთვნილი ნაკვეთების მონაცემების დაზუსტებას. ცვლილება არ ეხება განკარგულებით განსაზღვრულ სხვა მაჩვენებლებს.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, რომლის მიხედვითაც საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას და პრივატიზაციის გეგმას  რამდენიმე ობიექტი დაემატა.

 საკრებულომ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური. კერძოდ, ელექტრომობილების დასამუხტი აპარატების განთავსების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი ქონების - 41  ერთეული (თითო 1 კვ.მ.)  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრა  ჯამში  70 000,0 (სამოცდაათი ათასი) ლარით.

საკრებულომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების მიზნით შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფს უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივა. 

სხდომას ბათუმის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე უძღვებოდა.
 

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა  (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)