საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებით.
პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადასახდელები 50.1 ათასი ლარით იზრდება.
პროექტი ითვალისწინებს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროებზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
კომისიამ ასევე განიხილა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებების, კერძოდ, ქ. ბათუმში, დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა №23-ში, N46-ში მდებარე საცხოვრებელი ფართების და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, ასევე, ყაზბეგის ქუჩა №16-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე არსებული ფართის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი, შემდგომში მისი ფაქტობრივი მფლობელისათვის გადაცემის მიზნით.
აღნიშნული ქონებების გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე.
კომისიამ იმსჯელა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა №29-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს შპს „გრანდ მოლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების ცვლილებას. კერძოდ, კერძოდ: შპს ,,გრანდ მოლმა" საკუთარი ხარჯებით სს ,,ენერგო პრო-ჯორჯიასთან" შეთანხმებული პირობებით და ვადით უნდა უზრუნველყოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული 7 ერთეული სატრანსფორმატორო პუნქტის გარემონტება ან/და სარემონტო ხარჯების სს ,,ენერგო პრო-ჯორჯიასათვის“ გადახდა.
კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის საკითხებზე.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













