ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტში 42,118.8 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების, ასევე სანიტარიული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებების განხორციელება მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მოსახლეობის ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და დაავადებათა გავრცელების რისკფაქტორების შემცირებას.
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მოწყვლადი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატებით უზრუნველყოფა, ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაცია, ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია. ასევე გათვალისწინებულია ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება და თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კომუნალური მომსახურებისა და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება, მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარება, მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მუნიციპალური უფასო სასადილოსა და დროებითი ღამის თავშესაფრის მომსახურებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერას, მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერასა და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ოჯახების გაძლიერებას.
სანიტარიული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარიული მონიტორინგი, დეზინფექციისა და დერატიზაციის ღონისძიებები, ასევე უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა შეიმუშავეს, რომელიც შემდგომი განხილვისა და შემაჯამებელი დასკვნის მომზადების მიზნით საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება.
სხდომას ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.













