საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

21 აგვისტო 2026

ბათუმის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.
დამტკიცებული ცვლილებების შედეგად, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 1.9 მილიონი ლარით გაიზარდა და 593.9 მილიონი ლარი შეადგინა.
ცვლილებები შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების, ქალაქის კეთილმოწყობის, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებს.
იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის რამდენიმე პროგრამის დაფინანსება, მათ შორის, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, მედიკამენტებით უზრუნველყოფის, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის სუბსიდირებისა და შშმ პირების ასისტენტით მომსახურების პროგრამების დაფინანსება.
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში დაემატა ახალი ღონისძიებები:
- 11 ქუჩის მშენებლობა-რეაბილიტაცია;
- 17 სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია;
- 24 მისამართზე სანიაღვრე არხების მოწყობა;
- 56 მისამართზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების მიმართულებით იგეგმება:
- 20 ერთეული ელექტროავტობუსის შეძენა;
- 150 ლოკაციაზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მოსაცდელების მოწყობა;
- მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიმართულებით საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირება, ასევე, პარკირების ინვენტარიზაცია და მართვის სტრატეგიის მომზადება.
საკრებულომ დააფუძნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური და დაამტკიცა მისი დებულება. ახალი სამსახური უფლებამოსილების განხორციელებას 2026 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყებს. 
საკრებულომ თანხმობა მისცა ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3 800 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილისა და 400 გრძივი მეტრი მეორადი გზის გამყოფი კონსტრუქციის (მოაჯირის) საქართველოს საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.  განკარგულების მიხედვით, აღნიშნული მასალა ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოწყობისა და შემოღობვისთვის იქნება გამოყენებული.
საკრებულომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში მდებარე 27.90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა №19-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. განკარგულების მიხედვით, აღნიშნული ფართი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შემდგომში მისი ფაქტობრივი მფლობელისთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით გადაეცემა. ქონების გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის” რეკომენდაციის საფუძველზე.
საკრებულომ ასევე თანხმობა მისცა ბათუმის მერს ა(ა)იპ „საჭადრაკო კლუბი ნონა“-ს და ა(ა)იპ „ბათუმის საცხენოსნო კლუბი“-ს ლიკვიდაციის დაწყებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიზანია მართვის ოპტიმიზაცია და აღნიშნული ორგანიზაციების უფლება-მოვალეობების ა(ა)იპ „ბათუმის სპორტული ცენტრისთვის“ გადაცემა. 

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

21 აგვისტოს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)