საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

20 აგვისტო 2026

საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 1,924,1 ათასი ლარით იზრდება და ჯამში 593.9 მილიონ ლარს შეადგენს.
ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების, ქალაქის კეთილმოწყობის, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებით.
ცვლილება შეეხება ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის რამდენიმე პროგრამის დაფინანსებას, მათ შორის, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, მედიკამენტებით უზრუნველყოფის, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის სუბსიდირებისა და შშმ პირების ასისტენტით მომსახურების პროგრამებს. 
პროექტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება ქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებასაც, კერძოდ, ქალაქის კეთილმოწყობის, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას.  
კომისიამ ასევე განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3 800 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილისა და 400 გრძივი მეტრი მეორადი გზის გამყოფი კონსტრუქციის (მოაჯირის) საქართველოს საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი. პროექტის მიხედვით, აღნიშნული მასალები ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოწყობისა და შემოღობვისთვის იქნება გამოყენებული.
სხდომაზე  ასევე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში მდებარე 27.90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა №19-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხი. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ფართი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შემდგომში მისი ფაქტობრივი მფლობელისთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით გადაეცემა, „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე.
სხდომას საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

21 აგვისტოს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)