პრეზენტაცია
ბათუმის სპორტულ ცენტრში ბათუმის მუნიციპალური სპორტული კლუბების განვითარების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა. რეკომენდაციები ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა ჭანტურიამ წარადგინა.
პრეზენტაციას ბათუმის საკრებულოს წევრები, ბათუმის სპორტული ცენტრისა და მუნიციპალური სპორტული კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეკომენდაციები მიზნად ისახავს მუნიციპალური სპორტული კლუბების მართვის გაუმჯობესებას, სპორტული შედეგების ზრდას, ფინანსური და სტრატეგიული დაგეგმვის გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
რეკომენდაციების მიხედვით, კლუბებმა უნდა შეიმუშაონ სამწლიანი სამოქმედო სტრატეგია, უზრუნველყონ ფინანსების მეტი გამჭვირვალობა, გააძლიერონ საზოგადოებასა და გულშემატკივრებთან კომუნიკაცია, იზრუნონ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და დანერგონ თანამედროვე სპორტული ტექნოლოგიები.
ცალკე მიმართულებად გამოიკვეთა ქვიშის სპორტის განვითარება. რეკომენდაციების მიხედვით, ბათუმს აქვს პოტენციალი, ქვიშის სპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდეს შავი ზღვის რეგიონში. ამ მიზნით განიხილება დახურული ქვიშის მანეჟის ან გასაბერი კონსტრუქციის მოწყობის შესაძლებლობა, რაც სპორტული აქტივობებისა და საერთაშორისო ღონისძიებების მთელი წლის განმავლობაში ჩატარებას შეუწყობს ხელს.
ჯაბა ჭანტურიას განცხადებით, მუნიციპალური სპორტული კლუბების შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიღწეული სპორტული შედეგები, არამედ კლუბების განვითარების სისტემურობა, ახალგაზრდებთან მუშაობა, ფინანსური მდგრადობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და გულშემატკივართან ეფექტური კომუნიკაცია; წარმოდგენილი რეკომენდაციები მუნიციპალური სპორტული კლუბების განვითარების მიმართულებით შემდგომი მუშაობისა და შესაბამისი ინიციატივების ეტაპობრივად განხორციელების საფუძველი გახდება
21 აგვისტოს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













