შეხვედრა ახალგაზრდებთან
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და ქალაქის მერმა გიორგი ცინცაძემ პროექტის - „ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ - ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები და მუნიციპალური სპორტული კლუბების ახალგაზრდა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე, რომელიც ლუკა ასათიანის სახელობის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა, ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და ქალაქის მერმა გიორგი ცინცაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდებს გააცნეს თვითმმართველობის არსი, საკრებულოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კომპეტენციები და ფუნქციები.
ღონისძიება ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. ახალგაზრდები გაეცნენ ბათუმის ისტორიული თვითმმართველობის საქმიანობას - XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ქალაქის სათათბიროს მუშაობას, ხმოსანთა როლს ქალაქის განვითარებაში, მათ ყოველდღიურობასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას. გაიმართა საუბარი იმ პერიოდზე, როდესაც ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 ქვეყნის საკონსულო ფუნქციონირებდა.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საექსპოზიციო სივრცეც მოინახულეს. ისაუბრეს საზღვაო ინფრასტრუქტურაზე, პორტის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის როლზე ბათუმის ეკონომიკურ განვითარებაში.
ღონისძიების მონაწილეებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალურ დირექტორთან ულან ტლეუგალთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან თამაზ იმერლიშვილთან ერთად უმასპინძლეს.
პროექტის - „ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ - განხორციელება ბათუმის საკრებულომ 2026 წლის ივლისში დაიწყო.
პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტების, წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენებისა და ხელოვანებისგან შემდგარი 15-კაციანი ჯგუფებისთვის ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის ისტორიული მნიშვნელობისა და თანამედროვე საქმიანობის შესახებ აკადემიურ ფორმატში შეხვედრების ორგანიზება.
შეხვედრები საკრებულოს თავმჯდომარისა და ქალაქის მერის ხელმძღვანელობით იმართება და კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატს აერთიანებს. პროექტი ახალგაზრდების ჩართულობას, მათ მიერ იდეების გენერირებასა და მათი განხორციელების შესაძლებლობების განხილვასაც ითვალისწინებს.
21 აგვისტოს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













