ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. ცვლილებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხასა და უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმას სამი ახალი ობიექტი დაემატა.
საკრებულომ ქ. ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №29-ის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 57 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, შემდგომში მისი პირდაპირი განკარგვის წესით, პირობების შესრულების სანაცვლოდ, შპს „გრანდ მოლისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
საკრებულომ ასევე დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის №82ნ, №84, №84ა, №94 და №96-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილი გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების დეტალური გეგმა. აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს „ნექსთ მაგნოლია“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს.
დადგენილების თანახმად, გეგმარებით ერთეულში მოქცეული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარების მიზნით, შეიცვალა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები, მათ შორის, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, მაქსიმალური სიმაღლეები და სხვა სამშენებლო პირობები. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების საკომპენსაციო ღონისძიებად განისაზღვრა საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინების 10%-ის ე.წ. „შავი კარკასის“ მდგომარეობაში მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა ან, ალტერნატიულად, ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით გადასაცემი ფართობის (4%-ის ფარგლებში) საბაზრო ღირებულების გადახდა, აუდიტორის დასკვნის ან სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
საკრებულომ, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, დაამტკიცა დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები. განკარგულების თანახმად, შპს „ბ. თ. ბათუმი“ ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის №16-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს განახორციელებს ქ. ბათუმში, სხალთის II ჩიხის №12ა-სა და №12ბ-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების სანაცვლოდ.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, Bloomberg Philanthropies-ის გლობალური პროგრამის - Youth Climate Action Fund-ის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოპოვებული 50 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მიღებასა და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმებაზე. გრანტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი, მცირე გრანტების პროგრამის პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად, მხარს დაუჭერს ახალგაზრდების მიერ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით შემუშავებულ ინიციატივებს.
საკრებულომ ასევე დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026–2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხების მიმართულებით პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა.
24 ივლისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













