ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების საკითხზე. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, რის შედეგადაც ალ. პუშკინის ქუჩის მონაკვეთი, პარმენ ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე, იცვლის სტატუსს და ცალმხრივი მოძრაობის ნაცვლად მასზე წესდება ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი.
სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი, რომელიც „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის განკარგულებაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, იგეგმება მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემული, ქალაქ ბათუმში, გიორგი ცაბაძის ქუჩა №11დ-ში (ყოფილი ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა №11დ) მდებარე მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიის ზონის ცვლილება - კერძოდ, არსებული საწარმოო ზონის ცვლილება სპეციალური საცხოვრებელი ზონით. ვინაიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია უნებართვო საცხოვრებელი სახლები და იქედან გამომდინარე, რომ მოცემული ტერიტორიის განვითარება დაევალა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, უნდა მოხდეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქცევა და საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებული ბინების სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გადაცემა.
კომისიამ განიხილა მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების საკითხი. წარმოდგენილ პროექტში აღნიშნულია, შპს „გორგ თაუერის“, მ. ა.-ს, შპს „ბიჩ ჰაუსის“, შპს „სილვერგეითის“, შპს „ნიუ ჰოუმ რეზიდენსის“, შპს „მეიქერს გრუპის“ და შპს „გრინ ლაიფ პროჯექთის“ წინადადებები და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლებიც წარედგინა სათათბირო საბჭოს, აკმაყოფილებს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის“ მოთხოვნებს. შესაბამისად, საბჭომ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ყოფილი კაფე ბარი „ტუპების“ ადგილას და მის უშუალო მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილ ტერიტორიაზე, ჯამში 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, თანამედროვე რეკრეაციული სივრცის (სკვერის) მოწყობა მიიჩნია მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტად და განმცხადებელთა მოთხოვნაზე გასცა დადებითი რეკომენდაცია.
კომისიამ იმსჯელა ქალაქ ბათუმში, ანგისის I შესახვევის №14-ში, № 20-ში, № 18-ში, № 16-ში, № 14ა-ში, № 12ა-ში, № 24-ში - დასახლება ანგისაში მდებარე გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხზე. პროექტის მიხედვით, შპს „რეალ პალას დეველოპმენტი“ წარმოდგენილ შვიდ ერთეულ მიწის ნაკვეთზე გეგმავს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, ავტომანქანების სადგომი ადგილების - დახურული მიწისქვეშა, დახურული მიწისზედა და ღია მიწისზედა ავტოსადგომების მოწყობას. ინიციატორს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის საკომპენსაციო სახედ განსაზღვრული აქვს საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის ე.წ. „შავ კარკასულ მდგომარეობაში“ მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა ნამატი საანგარიშო ფართის 10%-ის ოდენობით, ან საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ე.წ. „თეთრი კარკასული“ მდგომარეობით გადასაცემი ფართის ოდენობის შესაბამისი საბაზრო ღირებულების გადახდა, კანონმდებლობის შესაბამისად.
30 ივნისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













