სარეაბილიტაციო სამუშაოები
ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა და სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მიმართულებით სრულად აღდგა.
განახლებული ინფრასტრუქტურა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ, საკრებულოს წევრმა არჩილ გოგიტიძემ, ასევე აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩასთან ერთად განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ნაწილია. აღნიშნული პროექტების ფარგლებში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯამში 22 მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გოგებაშვილის ქუჩაზე მოეწყო ასფალტის საფარის სამი ფენა, სრულად განახლდა მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები, მოწესრიგდა ტროტუარებისა და ბორდიურების ნაწილი. დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოების დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
ქალაქში პარალელურად გრძელდება ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლების პროგრამაც. მიმდინარე წელს სამუშაოები უკვე ცხრა ქუჩასა და მონაკვეთზე განხორციელდა. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ხინიკაძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მიმდინარეობს, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ შვიდი ქუჩისა და მონაკვეთის განახლებაა დაგეგმილი
30 ივნისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













