საკრებულოს კომისიები
ბათუმის საკრებულოს კომისიებში რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურებში ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, შესაბამისი სამსახურების მიზნებისა და ფუნქციების, საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების ახლებურ განსაზღვრას და ჩამოყალიბებას, ასევე შტატების გადაადგილებას ან/და შემცირებას.
პროექტის მიხედვით, ცვლილება იგეგმება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის საშტატო ნუსხაში. ასევე, წარმოდგენილი ცვლილებით საშტატო ნუსხაში განყოფილებების დასახელებები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ ახალ სტრუქტურასთან, კერძოდ: „მუნიციპალური ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილება“ განისაზღვრება სახელწოდებით „მუნიციპალური ქონების განკარგვის განყოფილება“, ხოლო „მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება“ - „მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის განყოფილების“ სახელწოდებით.
წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში, 2026 წლის 06 მარტიდან ამოქმედდება.
კომისიამ განიხილა „სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
დადგენილების მიღება განპირობებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, „სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ თაობაზე, რომლის შესაბამისადაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოები - საკრებულოები ადგენენ მიწის ნორმატულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა.
დადგენილების მიღების მიზანია ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასის დადგენა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ,,ქ. ბათუმში, წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა №3ა-ში განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
წარმოდგენილი ცვლილებით, აღნიშნულ მისამართზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობისას, დაზუსტდება მე-3 სართულზე არსებული ბინის ფართი და ნაცვლად 50,8 კვ.მ. ფართისა განისაზღვრება 48,6 კვ.მ-ით, ხოლო მე-12 სართულზე არსებული ბინა N70, ნაცვლად 76,8 კვ.მ.-ისა განისაზღვრება 78,6 კვ.მ.-ით.
კომისიამ განიხილა ,,ქალაქ ბათუმში, ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა №7-ის მიმდებარედ განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ქალაქ ბათუმში, ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა №7-ის მიმდებარედ არსებული ავარიული სახლის ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში („ა“ კორპუსი) არსებული უძრავი ქონებების ავარიული საცხოვრებლის მესაკუთრეებისათვის გადაცემა და გაზრდილი ფართობის, რომელიც იზოლირებულია და შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია.
ცვლილების შეტანა იგეგმება ,,ქალაქ ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №94-96-ში განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში. ცვლილების მიხედვით, მომავალ მესაკუთრეთა სურვილის თანახმად, იგეგმება ბინა/ერთეულებში ცვლილება, კერძოდ, ბინების გაერთიანება, ქონების გადაცემის და სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
კომისიამ განიხილა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები, ასევე იმსჯელა განკარგულების პროექტზე, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არ არის უფლებამოსილი მის საკუთრებაში არსებული ქონება საკუთრებაში გადასცეს სხვა მუნიციპალიტეტს, იგეგმება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რვა ერთეული ავტობუსის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემა, შემდგომში მისი ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
დღესვე, საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაც გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს, თუმცა წარმოდგენილ პროექტში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო, საკითხის განხილვა გადაიდო.
20 თებერვალს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













