ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 


ქალაქ ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №77
2018 წლის 27 დეკემბერი
ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო.

მუხლი 2
დამტკიცდეს ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება, დანართaის შესაბამისად.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე   სულიკო თებიძე

 

 

 


დანართი


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 31.03.2021წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, სხვა ნორმატული აქტებით, ამ დებულებით და გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ვალდებულებებით.
3. საბჭოს წევრთა საქმიანობის ვადად განისაზღვრება მოქმედი საკრებულოს უფლებამოსილების ვადა.
4. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
5. საბჭო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე წარადგინოს საკრებულო გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებში.


მუხლი 2. საბჭოს ძირითადი მიზნები და ამოცანები
საბჭოს ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გენდერული ანალიზის დანერგვის ხელშეწყობა;
გ) ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
დ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდა, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა;
ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სტრატეგიისა და საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასამტკიცებლად საკრებულოსთვის წარდგენა და ამ გეგმის შესრულება/მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ზ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;
თ) მუნიციპალური პროგრამების ანალიზი და წინადადებების შემუშავება გენდერულად მგრძნობიარე საკითხების წარმოსაჩენად ან არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად (ასეთის შემთხვევაში);
ი) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა. მათზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
კ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წამოწეული საკითხების შესწავლა/ადვოკატირება;
ლ) საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


მუხლი 3. საბჭოს შექმნის წესი და შემადგენლობ
1. საბჭოს შემადგენლობას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 35 წევრისაგან.
3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს:
ა) საკრებულოს თანამდებობის პირები;
ბ) საკრებულოს ყველა ქალი წევრი;
გ) საკრებულოს ფრაქციების წევრები, რაოდენობის პროპორციულად;
დ) დამოუკიდებელი დეპუტატები;
ე) მერი ან მერის მოადგილე;
ვ) მუნიციპალიტეტის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი;
ზ) გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4. საბჭოს შემადგენლობაში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 40%-ზე ნაკლები.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 19.07.2022წ.


მუხლი 4. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
3. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელმა პირებმა.
4. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს:
ა) გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომების ორგანიზებას:
ბ) საბჭოს წევრთა წინასწარ ინფორმირებას სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღის და დღის წესრიგის შესახებ;
გ) საბჭოს წევრთა რეგისტრაციას სხდომის დაწყებისას;
დ) სხდომის ოქმების და კორესპონდენციის წარმოებას;
ე) საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს;
ვ) სოციალური მედიისა და საინფორმაციო პორტალებზე საბჭოს საქმიანობისა და გენდერული საკითხების გაშუქების ხელშეწყობას.


მუხლი 5. საბჭოს მუშაობის წესი
1. საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.
2. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ მაინც.
3. საბჭოს სხდომა ტარდება როგორც წესი ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს (ხოლო, თუ ოთხშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).
4. საბჭოს სხდომა იწყება დღის – 16.00 საათზე, თუ სხდომის მოწვევის შესახებ სხვა დრო არ იქნა განსაზღვრული.
5. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.
6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ როგორც საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე საბჭოს წევრებს.
8. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.


მუხლი 6. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები