ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
19 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა გაიმართება
11 ოქტომბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ „ღია კარის“ სხდომის მოწვევის შესახებ ბრძანება დღეს გამოსცა. საკრებულოს რეგლამენტის 103-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება სხდომის მოწვევის შესახებ ღია კარის სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 7 დღით ადრე გამოიცემა. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თვითმმართველობის ერთეულში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ მომართონ განცხადებით საკრებულოს აპარატს სხდომის გამართვამდე 2 დღით ადრე მაინც. მოქალაქის სხდომაში მონაწილეობის რიგითობა, რეგლამენტის შესაბამისად, განისაზღვრება განცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით და გამოსვლისთვის ეძლევა არა უმეტეს 5 წუთისა. მოქალაქეთა განცხადებების მიღება სხდომაში მონაწილეობის თაობაზე შეწყდება 16 ოქტომბერს 6 საათზე, სამუშაო საათების ამოწურვისთანავე.

„ღია კარის“ სხდომა, მოქალაქეთა მოსმენა, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი კომპონენტია. სხდომაზე მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ თავიანთი წინადადებები და პრობლემური საკითხები ერთდროულად გააცნონ როგორც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.


„ღია კარის“ სხდომის წარმართვის პროცედურა და ფორმატი გაწერილია საკრებულოს რეგლამენტში, რომლის თანახმადაც მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე დებატები არ იმართება. მოქალაქისთვის კითხვის დასმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს, ისიც საკითხის დაზუსტების მიზნით.


სხდომის დასრულების შემდეგ მოქალაქეების მიერ დასმული საკითხები აღირიცხება სხდომის ოქმში და წარედგინება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც თავის მხრივ, განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი საკითხების შესაბამისი კომისიისთვის ან/და მერისთვის განსახილველად გადაცემის შესახებ.


მოქალაქეებს მათ მიერ „ღია კარის“ სხდომაზე დასმული საკითხების განხილვის მიმდინარეობისა და გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

„ღია კარის“ სხდომა გაიმართება ბათუმში, ლ. ასათიანის 25-ში, საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში, 11 საათზე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://batumicc.ge/index.php?l=1&menu=65&obj=1074


 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2721
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები