2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ანზორ დევაძესთან და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ლაშა კომახიძე სამრეწველო ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და უშუალოდ მათგან მოისმინა ინფორმაცია ადგილზე არსებული პრობლემების შესახებ.
მოსახლეობამ ქალაქის მერის წინაშე, ძირითადად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და სოციალური შინაარსის მქონე საკითხები დასვეს. კერძოდ, ადგილობრივები ითხოვენ კონკრეტული ქუჩების კეთილმოწყობას, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას, გარე განათების დამონტაჟებას, სკვერების, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების მოწყობას, უპატრონო ძაღლების პრობლემების მოგვარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობას, ვიდეოკამერების, შუქნიშნებისა და საგზაო ნიშნების დამატებას გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, დასუფთავების პრობლემების საკითხის მოგვარებასა და ნაგვის ურნების დამატებას. შეხვედრაზე, ასევე, მოისმინეს სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახის საკითხიც.
მოქალაქეები, არსებული პრობლემების აღწერის პარალელურად, უპირველესად კმაყოფილებას გამოხატავდნენ ქალაქის მერის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმადაც ანალოგიური სახის შეხვედრები ყოველ ორშაბათს გაიმართება სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში. „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქალაქის მერი და უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ადგილზე ხვდებიან და ეცნობიან მოსახლეობის პრობლემებს. მივესალმებით ასეთ გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნა აკ. შანიძის N28-ში მცხოვრებმა თამაზ აჟიმბამ.
ფრ. ხალვაშის მე-9 შესახვევში მცხოვრებმა ავთანდილ ცეცხლაძემ მერის წინაშე ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი დასვა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ 4 წლის მოუგვარებელი უწყლობის პრობლემა, რომელიც მრავალსართულიან კორპუსში მხცოვრებ ოჯახებს აწუხებდათ, ამავე უბნის მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ დევაძის გულისხმიერებითა და ქალაქის ხელმძღვანელობის დახმარებით მოგვარდა.
შეხვედრის დასრულების შემდგომ ქალაქის მერმა განაცხადა, რომ სამრეწველო ზონაში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გაცნობისას გამოიკვეთა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების საჭიროება. მერის განცხადებით, მოქალაქეების მიერ დასახელებული პრობლემების ნაწილი უკვე ასახულია მერიის პროგრამებში პროექტების სახით, ნაწილი კი მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში იქნება გათვალისწინებული.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი სულხან ევგენიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სოფო მიქელაძე, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე, შპს ბათუმის წყალის დირექტორი თენგიზ ქოქოლაძე, მერის წარმომადგენელი სამრეწველო ზონაში და მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომლები.
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე კონკრეტულ ადმისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველ ორშაბათს, დილის 8:30-დან 11:00 საათამდე მართავს. შეხვედრების მიზანს მოსახლეობის მიერ დასმული პრობლემური საკითხების გადასაჭრელად კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს. გასულ ორშაბათს ქალაქი მერი გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან მიხეილ ართმელაძესთან ერთად შეხვდა.