ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ქალაქ ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
29 სექტემბერი 2017
 

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშოების გამო, ორბელიანის ქ. #10-ში მდებარე მერიის ადმინისტრაციული შენობაში გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დამტკიცდა „ქ. ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის ირაკლი ახალაძის განმარტებით, აღნიშნული დადგენილების მიღება ხელს შეუწყობს ქალაქის ურბანულ განვითარებას, ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებას, ამ მიმართულებით სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის გატარებას, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების ერთობლივი მოქმედებით განსაზღვრული პირობებისა და პროცესების გაუმჯობესებას, უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ქალაქში სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე, ეკონომიკური განვითარების სივრცითი ასპექტების საკითხების მოწესრიგებას. ირაკლი ახალაძის განცხადებით, ქ. ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების მიზანია ქ. ბათუმის თანამედროვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშვება.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადაბელვის ან/და ჭრის შედეგად დარჩენილი საშეშე მასალით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც აღნიშნული საშეშე მასალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ პირებზე განაწილდება, რომლებიც იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა და დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში შედარებით დაბალი სარეიტინგო ქულით. აღნიშნულთან დაკავშირებით, განკარგულების თანახმად, შეიქმნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადაბელვის ან/და ჭრის შედეგად დარჩენილი საშეშე მერქნის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის განაწილების მუდმივმოქმედი კომისია. კომისიას დაევალა საშეშე მასალის განაწილება აღნიშნულ პირებზე მოახდინოს თანაბარწილად (არაუმეტეს 3 კბ/მეტრისა) თვის განმავლობაში შემოსული განცხადებების კომისიური წესით შესწავლის საფუძველზე. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საშეშე მასალა გაიცემა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების საწყობიდან.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც, ქ. ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინვესტიციო წინადადებების განხორციელების მიზნით.
დღესვე, სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ. ბათუმში ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 004 კვ/მ არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში აჭარის მთავრობის ხელშეწყობის მიზნით.
რიგგარეშე სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ქ. ბათუმის მერიის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3069
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები