ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა განახლებული სახით ქალაქის საგანმანათლებლო-კულტურულ სივრცეს დაუბრუნდა.
განახლებული საბიბლიოთეკო სივრცეები დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად დაათვალიერა.
განახლებული ბიბლიოთეკა მკითხველებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს - ფუნქციონირებს სამი სამკითხველო კლუბი, მოწყობილია მუდმივმოქმედი რარიტეტული წიგნების გამოფენა, რომლის პოპულარიზაციის მიზნით ბიბლიოთეკარების ჯგუფი სტუმრებს საბიბლიოთეკო ტურებს ჩაუტარებენ და უნიკალურ წიგნად მემკვიდრეობას გააცნობენ.
ამასთანავე, ბიბლიოთეკის შიდა ეზო თანამედროვე სამკითხველო-სამუშაო გარემოდ ადაპტირდა, რაც ამრავალფეროვნებს ბიბლიოთეკის სერვისებს.
ბიბლიოთეკა ასევე ჩაერთო ევროპული ახალგაზრდული ბარათის პარტნიორთა ქსელში, რომლის მფლობელებისთვისაც სპეციალური ფასდაკლების სისტემა იმოქმედებს.
განხორციელებული ცვლილებები ბიბლიოთეკას კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიოთეკაში დაცულია XVII–XVIII საუკუნეების 3000-ზე მეტი რარიტეტული წიგნი სხვადასხვა ენაზე, რაც მის საგანმანათლებლო და ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
30 სექტემბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













