„ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ახალი მრავალპროფილური ინიციატივის – „ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ – პრეზენტაცია გაიმართა.
ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობასა და ბათუმის საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, როლის წარმოჩენას ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერისა და განვითარების პროცესში.
ღონისძიება გახსნა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ, რომელმაც ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციებსა და ახალგაზრდებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის დანერგვის აუცილებლობაზე.
ინიციატივის კონცეფცია, მიზნები და სამოქმედო გეგმა დამსწრე საზოგადოებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ საორგანიზაციო საკითხებში, ნანა დევაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის თანამშრომლობისა და იდეების გაზიარების პლატფორმის შექმნას, სადაც ისინი მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებზე საკუთარი ხედვების, ინიციატივებისა და წინადადებების წარმოდგენას შეძლებენ.
ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ კულტურის საკითხებში, თამარ ორაგველიძემ, ბათუმისა და ბათუმის საკრებულოს ისტორიული განვითარების ეტაპებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობის ტრადიციების მნიშვნელობასა და მის როლზე თანამედროვე სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პროცესში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემოქმედებითი ინკლუზიური დასი „ცისარტყელა“ მინიატურით „ბათუმი“. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, დასის ჩართულობა სიმბოლურად გამოხატავს ერთობას, თანასწორობას, სოციალური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და მუნიციპალური მხარდაჭერის როლს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანების პროცესში.
ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის ახალი მოდელის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას, მუნიციპალური პროცესებისადმი ინტერესის გაძლიერებასა და ქალაქის განვითარების საქმეში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები - ნინო წილოსანი და ილია ინჯია, საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, ბათუმის საკრებულოს წევრები, ახალგაზრდები და საზოგადოების წარმომადგენლები
30 ივნისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













