საკრებულოს მორიგი სხდომა
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოცი საკითხი განიხილეს.
სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას, რის შემდეგაც სხდომა დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდა.
საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის ფაქტიურმა შესრულებამ - 486,198.1ათასი ლარი შეადგინა. 2025 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტშიც.
მიღებული დადგენილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 22 მილიონი ლარით გაიზარდა და სართო ჯამში, 592 მლნ ლარით განისაზღვრა.
მიღებული ცვლილებებით განხორციელდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. კერძოდ, ცვლილება შევიდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში.
განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროებზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესი. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, საკონსულტაციო საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრა არანაკლებ 10 წევრით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შემოღებულ იქნა ღია კენჭისყრის წესი, იგეგმება ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დანერგვა, ასევე, დაწესდა ერთი და იმავე კანდიდატის მრავალჯერადი წარდგენის შეზღუდვა საბჭოს უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.
საკრებულომ ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის №188-ში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნით, დაამტკიცა მშენებლობისათვის საჭირო, ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამული ღონისძიებები (ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების გეგმა), რის საფუძველზეც შესაბამის პირებს, შეთანხმების გაფორმების და შენობა-ნაგებობების გათავისუფლების საფუძველზე, მიეცემათ საცხოვრებელი ბინის ქირის კომპენსაცია.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში მდებარე 7824,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა, შემდგომში მისი საქართველოს საავტომობილო გზების დეპატრამენტისათვის გადაცემის მიზნით.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში.
ცვლილების მიხედვით, განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხასა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას დაემატა რამდენიმე ობიექტი, შემდგომი მათი განკარგვის მიზნით.
საკრებულომ, შიდა სატრანსპორტო გზის მშენებლობის მიზნით, თანხმობა მისცა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის თაობაზე. კერძოდ, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურული პროექტის (შიდა სატრანსპორტო გზის მშენებლობის) საჭიროებიდან გამომდინარე, ხორციელდება მუნიციპალიტეტისა და შპს „ჯიი XXI“-ის, ასევე, შპს „ეფრს დეველოპმენტ“-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა განკარგულებით განსაზღვრული პირობებით.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ხიდი-2006“-ს შორის დადებულ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, შეთანხმებიდან გამომდინარე ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების მიზნით.
ცვლილებები განხორციელდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალურ გეგმებში, კერძოდ: ქ. ბათუმში, რუსთაველის ქ. N20-ში, შპს „ORIX“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობისათვის დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმასა და ქ. ბათუმში, ბაღის ქ. №10დ, №10ზ, №10ვ და ბაღის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალურ გეგმაში (შპს „ქეიპ 23“).
საკრებულომ რამდენიმე გეგმარებით ერთეულზე დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციები, მათ შორის: ქალაქ ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩა №110-ში, №112-ში, დავით კაკაბაძის ქუჩა №56-ში, №58-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,არტექს ინვესტი“); ქალაქ ბათუმში, დასახლება გონიოში და წმინდა ნინოს I ჩიხი №28-ში, №28ა-ში, №28ბ-ში, №28გ-ში, №28დ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს „ბიზნეს ინოვეიშენ სთრათეჯი“); ქალაქ ბათუმში, კვიპაროსის ქ. №23-ში, გაზაფხულის ქ. №18-ში და გაზაფხულის ქ. №18-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე (შპს „ჰორაიზონ 7“).
საკრებულომ ასევე დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე, კერძოდ: ქალაქ ბათუმში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილის №124-ში, IX ჩიხის №4-ში, №124ა-ში, №126-ში, დასახლება სარფში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე (შპს „ლიცი“) და ქალაქ ბათუმში, პუშკინის ქუჩა №145-სა და №145ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე (შპს ,,ქსოვილი“).
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების (განაშენიანების) გეგმაში. ცვლილებების შედეგად, ,,სან-რემოს" ობიექტი აისახა ბულვარის განაშენიანების გეგმაში როგორც არსებული ობიექტი, ,,ჰოლანდიური სახლი" ნაცვლად ფასადის ცვლილებისა, დაექვემდებარება რეკონსტრუქციას, ხოლო ,,არტ-ბულვარი" ფასადის ცვლილების ნაცვლად დაექვემდებარება დემონტაჟს, როგორც ვიზუალით და და ფუნქციით შეუსაბამო ობიექტი.
შესაბამისი ცვლილებები შევიდა დადგენილების დანართებშიც, კერძოდ, შეუსაბამო ობიექტების რუკაში, არსებულ ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების რეკომენდაციების დანართსა და არსებული და საპროექტო ობიექტების ადგილმდებარეობის გეგმაში.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა ნაცვლად 11 წევრისა, განისაზრვრა 13 წევრით; ცვლილებები შეეხო დადგენილებით დამტკიცებული დანართის ცალკეულ პუნქტებსაც.
დღესვე განისაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ახალი შემადგენლობაც.
საკრებულომ დღესვე დაამტკიცა განკარგულების პროექტი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე.
საკრებულოს მიერ აღნიშნული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიღება განპირობებული იყო საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
30 მარტს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













