ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს.
კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით პროგრამების ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელმა 95.6 პროცენტი შეადგინა.
კომისიის წევრებმა, დღესვე, მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს.
წარმოდგენილი ცვლილებების პროექტით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 5,275.6 ათასი ლარით იზრდება. დაფინანსების გაზრდა იგეგმება მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფისა და მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამებში, ასევე იზრდება მუნიციპალური უფასო სასადილოების, დროებითი მუნიციპალური თავშესაფარისა და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება.
წარმოდგენილ საკითხებს კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და მისი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.
30 მარტს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













