საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში. კერძოდ, ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის საშტატო ნუსხაში. ასევე, განხორციელებული ცვლილებით საშტატო ნუსხაში განყოფილებების დასახელებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ ახალ სტრუქტურასთან, კერძოდ: „მუნიციპალური ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილება“ განისაზღვრა სახელწოდებით „მუნიციპალური ქონების განკარგვის განყოფილება“, ხოლო „მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება“ - „მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის განყოფილების“ სახელწოდებით. მიღებული ცვლილებები 2026 წლის 06 მარტიდან ამოქმედდება.
საკრებულომ დაადგინა სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. აღნიშნული დადგენილების მიღება განპირობებული იყო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, „სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოები - საკრებულოები ვალდებული არიან დაადგინონ მიწის ნორმატული ფასი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა,,ქ. ბათუმში, წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა №3ა-ში განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში. მიღებული ცვლილებით, აღნიშნულ მისამართზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობისას, დაზუსტდება მე-3 სართულზე არსებული ბინის ფართი და ნაცვლად 50,8 კვ.მ. ფართისა განისაზღვრება 48,6 კვ.მ-ით, ხოლო მე-12 სართულზე არსებული ბინა N70, ნაცვლად 76,8 კვ.მ.-ისა განისაზღვრება 78,6 კვ.მ.-ით.
საკრებულომ დაამტკიცა ,,ქალაქ ბათუმში, ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა №7-ის მიმდებარედ განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი. მიღებული განკარგულებით, განხორციელდება არსებულ მისამართზე, ავარიული სახლის ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში („ა“ კორპუსი) არსებული უძრავი ქონებების ავარიული საცხოვრებლის მესაკუთრეებისათვის გადაცემა და გაზრდილი ფართობის, რომელიც იზოლირებულია და შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია.
ცვლილება შევიდა ,,ქალაქ ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №94-96-ში განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში. ცვლილების მიხედვით, მომავალ მესაკუთრეთა სურვილის თანახმად, განხორციელდება ბინა/ერთეულებში ცვლილება, კერძოდ, მოხდება ბინების გაერთიანება, ქონების გადაცემის და სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომლითაც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები, რვა ერთეული ავტობუსი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა, შემდგომში მისი ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
20 თებერვალს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













