საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხზე იმსჯელა.
სხდომაზე განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. ცვლილება ითვალისწინებს M3 კატეგორიის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის ახალი ტარიფის განსაზღვრას 0,70 ლარის ოდენობით, ასევე ცალკეული მუხლების ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას მოქმედი ტარიფების და გადახდის საშუალებების გათვალისწინებით.
კომისიამ ასევე იმსჯელა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე M2 კატეგორიის მუნიციპალურ ავტობუსებში სამგზავრო გადაყვანის ტარიფის 0,70 ლარის ოდენობით განსაზღვრის თაობაზე.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ცვლილებების მიღება გამოწვეულია M3 და M2 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტოპარკის განახლებით, მარშრუტებს შორის მანძილის გაზრდით და საწვავზე ფასების მატებით.
კომისიამ განიხილა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. ცვლილებების მიღება განპირობებულია მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით და მიმდინარე ეტაპისთვის არსებული გარემოებების აუცილებლობით. აღნიშნული ცვლილებები საშუალებას იძლევა უფრო პრაქტიკული, ხელმისაწვდომი, მარტივი და დახვეწილი გახდეს ყველა პროცედურა მოსაკრებლის ადმინისტრირების ღონისძიებების პროცესში მონაწილე ფიზიკური და/ან იურიდიული პირებისათვის.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილების სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სთვის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. პროექტის მიხედვით, მეორადი ქვაფენილების უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაცემა მოხდება საქართველოს საპტრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ეკლესია/მონასტრების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით.
კომისიამ იმსჯელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა N14ბ-ში, პირველ სართულზე მდებარე 96,69 კვ.მ. ბინა N2-ის, უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ბინის გადაცემა განხორციელდება შემდგომში იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე საკუთრების უფლებით გადაცემის მიზნით, ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები.
ასევე იმსჯელეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
30 იანვარს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













