ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი შვიდი საკითხი განიხილეს.
კომისიამ განიხილა ცვლილებები, რომლებიც შედის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების მოძრაობის ცალკეულ მარშრუტებში. კერძოდ, სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებს ემატება ახალი N35 მუნიციპალური მარშრუტი, რომელიც იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: თევდორე მღვდელის ქუჩა - ხახულის ქუჩა - ლეონიძის ქუჩა - შარტავას ქუჩა - აბუსერიძის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩა (საბაგირომდე). ხოლო გაუქმებული მარშრუტები - N24, 30, 32 და 36 ამოღებული იქნება შესაბამისი დადგენილების დანართიდან.
კომისიამ განიხილა „მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
პროექტის მიხედვით, იგეგმება შპს „ბითუბი პრემიუმ დეველოპმენტის“ საპროექტო ტერიტორიად, ქ. ბათუმში, მ. კომახიძის ქუჩა №25, №27, №29-ში მდებარე 1046.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და კომახიძის ქუჩა №31-ში მდებარე 463.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად, დამატებით ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა №104-ში მდებარე 318.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განსაზღვრა. მოსალოდნელი ცვლილება არ შეეხება განკარგულებით განსაზღვრული სიმაღლის, სართულიანობისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მაჩვენებლებს.
პროექტის მიხედვით, აღნიშნული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ, შპს „ბითუბი პრემიუმ დეველოპმენტი“ უზრუნველყოფს გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ გზაგამყოფ ზოლზე სკვერის მოწყობას. გარდა ამისა, კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა, სასარგებლო ფართობის სახით, უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების დამტკიცების თაობაზე.
განკარგულების პროექტის მიხედვით, „გალერი რესიდენსის“ მიერ იგეგმება ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩა N24–ში 775.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და მის ნაცვლად მრავალბინიანი, ათსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. საპროექტო ტერიტორიას ემატება ზურაბ გორგილაძის ქუჩა N22-ში 1016.00 კვ.მ. აღნიშნული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის ფარგლებში, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი ქ. N124-ში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილის IX ჩიხის N4-ში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილის ქ. N124ა-ში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი ქ.N126-ში, სარფის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე შპს ,,ლიცის“ მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.
კონცეფციის მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთებზე კომპანია გეგმავს სასტუმროს მშენებლობას. პროექტის მიხედვით, მაკომპენსირებელ ღონისძიებად განსაზღვრულია საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ე. წ. თეთრი კარკასული მდგომარეობით გადასაცემი ფართის ოდენობის შესაბამისი ფასით გადახდა, რომელიც განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე დადგენილი თვითღირებულების შესაბამისად. საცხოვრებელი ბინების ფართი განისაზღვრება საცხოვრებელი ფუნქციის დასაშვები განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებით ნამატი ფართის არაუმეტეს 4%-ის ოდენობით.
კომისიამ ასევე იმსჯელა ქალაქ ბათუმში, პუშკინის ქ. N145ა; ქ. N145-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციიის დამტკიცების საკითხზე. პროექტის მიხედვით, წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე შპს ,,ქსოვილი’’ გეგმავს მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. ასევე, დაგეგმილია ავტოსადგომების, გამწვანების და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, ქალაქმშენებლობითი პარამეტრები იცვლება მხოლოდ ცალკეულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით. არ იცვლება ქალაქ ბათუმის განაშენიანების გეგმით დადგენილი პარამეტრები და პირობები.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების საკითხზე.
აღნიშნული ღონისძიებები ითვალისწინებს შ.პ.ს. „ბ.მ. ჯგუფის“ საპროექტო ტერიტორიაზე - ქ. ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N87/33–ში მდებარე 2324.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ფუნქციური ზონისა და მისი რეგლამენტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას (არსებული მშენებლობის გაგრძელება). ღონისძიება ითვალისწინებს განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტისა და საპროექტო შენობის სართულიანობის განსაზღვრას.
დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების სარგებლობის სანაცვლოდ, ქალაქ ბათუმში, ინასარიძის ქუჩა N8-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მოეწყობა სკვერი. გარდა ამისა, კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
სხდომაზე განიხილეს ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
ცვლილება ითვალისწინებს შპს „ORIX“-ის საპროექტო ტერიტორიაზე, ქ. ბათუმში, რუსთაველის ქ. N20-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს მშენებლობისათვის დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
30 იანვარს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













