საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

18 დეკემბერი 2025

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე  მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. 
წარმოდგენილი პროექტით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საერთო მოცულობა 570 მლნ  ლარს შეადგენს. 

მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება  ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხები, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ხელშეწყობა, ეკონომიკის განვითარება და დასაქმება,  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მწვანე და სუფთა გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგიური პროექტებისა და მწვანე სივრცეების გაფართოება.  

წარმოდგენილი პროექტით, მომავალი წლის ბიუჯეტის რესურსები ოპტიმალურადაა გადანაწილებული სხვადასხვა პრიორიტეტულ სფეროზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 

კომისიამ განიხილა ორი მრავალშვილიანი ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი. 

სხდომაზე ასევე განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შპს „დინამო ბათუმი“-ს 100 %-იანი წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“  საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი. წარმოდგენილი პროექტით,  ცვლილების შედეგად, განკარგულების მე-2 პუნქტი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება. 

კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხები. ცვლილების მიხედვით, იზრდება თანამდებობრივი სარგო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის და „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს ბათუმის საკრებულო ხვალ, 19 დეკემბერს, მორიგ სხდომაზე განიხილავს. 
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

19 დეკემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)