განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, განათლების მიმართულებით - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, შენობების კეთილმოწყობას, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობას - ბიუჯეტიდან 65 მილიონზე მეტი ლარი მოხმარდება.
მათ შორის, საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია 18 მლნ-მდე ლარით დაფინანსდება. პროექტის მიხედვით, 2026 წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც აშენდება ორსართულიანი 300 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა. მიმდინარეობს და 2026 წელს დასრულდება 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასა და ივანე მესხის ჩიხში. ბაღები ჯამში 240 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. 2026 წელს დასრულდება 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, შედეგად 1 440 ბავშვი შეძლებს სააღმზრდელო პროცესში ჩართვას.
პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პროექტით გათვალისწინებულია, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის.
2026 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 37 მილიონზე მეტი ლარი კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის განვითარების მიმართულებაზე დაიხარჯება.
წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 570 მლნ ლარს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს ბათუმის საკრებულო 19 დეკემბერს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.
სხდომას განათლების კულტურის ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თვმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა.
19 დეკემბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













