საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

01 დეკემბერი 2025

ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. 

ცვლილებების პროექტი ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე განიხილა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. კერძოდ, ცვლილება შევიდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ნაწილში ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში როგორც ინფრასტრუქურული, ასევე განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროებზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში, რის შედეგადაც დებულება ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. ცვლილებით  განხორციელდა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხების/ ურთიერთობების უფრო მეტად რეგლამენტირება, კერძოდ, დებულების VIII თავის მე-13 მუხლს დაემატა ნორმა, რომლის მიხედვითაც, ამავე მუხლის დებულებები გავრცელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზეც.
 
საკრებულომ განსაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული 59 722.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე 54.96 კვ.მ საერთო ფართის შენობა-ნაგებობის  სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების ქირის საწყისი წლიური საფასური. 

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილები შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას დაემატა სამი ობიექტი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას - ასევე სამი ობიექტი. 


საკრებულომ ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 256,0 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა, შემდგომში მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.


საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზღვისპირა ზოლში განთავსებული სტაციონალური საგუშაგოების (10 სამაშველო კოშკურა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის უსასყიდლოდ მუდმივ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით.  

 საკრებულოს გადაწყვეტილებით,  ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებაში, რომლის საფუძველზეც სხდომაზე დამტკიცდა   ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებისათვის საჭირო მშენებლობის პროექტის ახალი რედაქცია.


საკრებულომ ცვლილებები შეიტანა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის დადგენილებაში. მიღებული ცვლილებით, წესში იცვლება ავარიული სახლის (მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის) ცნება, რომლითაც ზუსტდება ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების პირობები.

ცვლილება შევიდა ,,ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩის I ჩიხის N16ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 31 ივლისის დადგენილებაში. წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე  დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრული იყო მაკომპენსირებელი ღონისძიებები, რომელიც ეკისრებოდა დაინტერესებულ პირს  განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების შემთხვევაში.  განსახილველ შემთხვევაში კი, ვინაიდან არ ხორციელდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება,  დადგენილება მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრას არ საჭიროებს.

სხდომაზე დაამტკიცეს, მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები.  აღნიშნული ღონისძიებები ითვალისწინებს შპს „ბათომი დეველოპმენტის“ საპროექტო ტერიტორიაზე,  ხელშემწყობი ღონისძიების ფარგლებში, ფუნქციური ზონით და მისი რეგლამენტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირებას, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ, ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩა N127-ში 337.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და ბაგრატიონის ქ. N127-ის მიმდებარედ 664.00 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეკრეაციული სივრცის - სკვერის მოწყობას. 

მორიგ სხდომაზე საკრებულომ განსაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა. 

ასევე ცვლილებები შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში, რომლითაც განხორციელდა საკრებულოს რეგლამენტის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან, საარჩევნო კოდექსთან და სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

დღევანდელ სხდომაზე უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრის ჯემალ ანანიძის უფლებამონაცვლე სულიკო გოგოლიშვილი. 

სხდომას ბათუმის საკრებულოს თვმჯდომარე ივანე მაისურაძე უძღვებოდა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

1 დეკემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)