საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი სხდომა
საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტზე იმსჯელეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 570 მლნ ლარს შეადგენს. პროექტით ხორციელდება მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
როგორც სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი სურმანიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტების, ასევე ქალაქ ბათუმში არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა და განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება;
- ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება;
- განათლება;
- კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი;
- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
- ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება;
- მუნიციპალური სერვისების განვითარება;
- წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება.
კომისიის სხდომაზე განიხილეს საკრებულოს დარგობრივი კომისიების და ფრაქციების მიერ წარმოდგენილი დასკვნები და შენიშვნები.
კომისიის წევრებმა პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტის თაობაზე მიიღეს შემაჯამებელი დასკვნა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მიღებული შემაჯამებელი დასკვნა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ქალაქის მერისთვის გასაგზავნი წერილის პროექტი, შენიშვნებით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს დღესვე წარედგინება, რის შემდეგაც, საკრებულოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, ბიუჯეტის პროექტს, შენიშვნებით, ქალაქის მერს დაუბრუნებს.
ქალაქის მერი, თავის მხრივ, განიხილავს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებს და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს, შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად, ბათუმის საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგენს.
17 ნოემბერს, 12 საათზე, საკრებულოში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება.
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













