ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისია
საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიამ ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 570 მლნ ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე ბიუჯეტიდან 34,381 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება.
პროგრამები მოემსახურება მდგრადი განვითარების მიზნებს, ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესებას და დაავადებათა გავრცელების რისკ-ფაქტორების შემცირებას.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა;
- ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია;
- ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
- მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურეობა;
- შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია;
- ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია;
- ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება;
- მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება;
- თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება.
სოციალური პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება;
- მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა;
- მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება;
- მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება;
- მუნიციპალური უფასო სასადილო;
- დროებითი ღამის თავშესაფარი;
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა;
- მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა;
- მოწყვლადი სოციალური ჯგუფის ოჯახების გაძლიერება.
სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარული მონიტორინგი;
- დეზინფექცია-დერატიზაციის ღონისძიებები;
- უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები.
კომისიამ ასევე განიხილა განათლების მიმართულებით ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები და შენიშვნები.
კომისიის წევრებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მიიღეს შესაბამისი დასკვნა, რომელიც, რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება.
სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.
17 ნოემბერს, 12 საათზე, საკრებულოში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება.
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













