ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
სხდომაზე ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი სურმანიძემ წარადგინა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 570 მლნ ლარს შეადგენს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა მომავალი წლის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთია, რომლის განვითარებაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 295,28 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული დაფინანსება მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაციას, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას, ქალაქის კეთილმოწყობას.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ასევე განიხილეს ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები და შენიშვნები.
კომისიის წევრებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მიიღეს შესაბამისი დასკვნა, რომელიც რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
17 ნოემბერს, 12 საათზე, საკრებულოში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება.
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













