მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
30 ოქტომბერს ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება.
კანონმდებლობის შესაბამისად, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ბათუმის 79-ე ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად სურმანიძე გახსნის. სხდომას, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ნერიმან ცინცაძე გაუძღვება.
პირველ სხდომაზე აირჩევენ ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ახალ თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებს, ასევე, დარეგისტრირდება საკრებულოს ფრაქციები და დამტკიცდება საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. ცნობილი გახდება საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობა.
30 ოქტომბრიდან, ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე, ძველ მოწვევას უფლებამოსილება უწყდება.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2024 წლის 13 დეკემბერს შესული ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ბათუმში მუნციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა ათით შემცირდა და ნაცვლად ოცდათხუთმეტისა, გახდა ოცდახუთი.
შესაბამისად, 2025 წლის 4 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრის მანდატი 25–მა კანდიდატმა მიიღო.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში პროპორციული სიით საკრებულოში 15 წევრი შევიდა. მათ შორის:
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ პროპორციული სიით საკრებულოს წევრები გახდნენ: ივანე მაისურაძე, ნატალია ზოიძე, ლევან ბერიძე, ნერიმან ცინცაძე, დავით მიქელაძე, ნინო ცხვარაძე, ლევან დავითაძე, გიორგი ლომთათიძე, მამუკა კაკაბაძე, დავით მახარაძე, ალექსანდრე ბერძენიშვილი, გიორგი მურადიშვილი;
ათი მაჟორიტარული ოლქიდან ათივე მანდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა - ირაკლი თავდგირიძემ, გოჩა მგელაძემ, მინდია გოგუაძემ, ირაკლი სანადირაძემ, ლევან დოლიძემ, ჯაბა ჭანტურიამ, გალაქტიონ ორმოცაძემ, არჩილ გოგიტიძემ, ლევან ცხოიძემ და ირაკლი დევაძემ მიიღეს;
ცენტრლური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 4 ოქტომბრის არჩევნებში, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გარდა, ბარიერი სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა: „ძლიერი საქართველო - ლელო“ - ვაჟა დარჩია, „გირჩი“ - გიორგი მასალკინი და „გახარია საქართველოსთვის“- ჯემალ ანანიძე.
4 ოქტომბერს ბათუმის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე აირჩია.
გიორგი ცინცაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 80,6 პროცენტი მიიღო.



ისტორია


























