ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მორიგი სხდომა
31 მაისი 2021
 

საკრებულოს სხდომაზე განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში ცვლილების შეტანის საკითხი. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე შემუშავებული იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამით განსაზღვრული ქვეპროგრამა - „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება“, რომლის მიხედვით მუნიციპალურ ტრანსპორტზე მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უფასო ტარიფით ისარგებლებს დადგენილების პროექტით განსაზღვრული ყველა ბენეფიციარი (სულ 31771 პირი), კერძოდ: ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები, ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები, შშმ პირები, შშმ სტატუსის ბავშვები, მოსწავლეები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები და სკოლების მანდატურები (რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) არ აღემატება 625 ლარს თვეში), სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები, ასაკით პენსიონერები, საბავშვო ბაღების და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, პროფესიული კოლეჯი "Black sea" თანამშრომლები (რომელთა ხელფასი არ აღემატება 625 ლარს), მარტოხელა მშობლები, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა რეგიონული ცენტრის ბენეფიციარები.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №გ-15.15203582 განკარგულებაში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილების მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. კერძოდ, თუ აქამდე მოქმედი განკარგულებით, საცხოვრებელი ბინები გადაეცემოდათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებულ) ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი რეგისტრირებული იყო ქ. ბათუმში და რომლებსაც ჰყავდათ 7 (შვიდი) და მეტი შვილი, ახალი ცვლილების შედეგად საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებულ) ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი რეგისტრირებულია ქ. ბათუმში და რომლებსაც ჰყავთ 6 (ექვსი) და მეტი შვილი. პროგრამის ბენეფიციარი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება 1 (ერთი) ან 2 (ორი) საცხოვრებელი ბინით საერთო ფართით 100 კვმ-დან 130 კვ.მ-მდე. პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა უფროსი შვილის წლოვანება არ აღემატება 24 წელს. ოჯახს ბინა/ბინები გადაეცემა ოჯახის თითოეული წევრის თანასაკუთრებაში (მშობლები და შვილები), ბინის/ბინების გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს გარემონტებულ მდგომარეობაში ან გარემონტების მიზნით ბინის სარემონტო სამუშაოებისათვის მერიის მიერ ერთჯერადად შესაძლებელია გამოიყოს თანხა - 1 კვ. მ -ზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; პროგრამით ისარგებლებენ ის მრავალშვილიან ოჯახები, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის მონაცემთა ბაზაში.
აღნიშნულ განკარგულებაში ცვლილების შეტანით შესაძლებელი გახდა 6-შვილიან ოჯახებზე საცხოვრებელი ბინების განაწილება დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, რასაც საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. შესაბამისი განკარგულებით, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი იქნება და საკუთრებაში გადაეცემა 15 ოჯახს.
საკრებულოს განკარგულებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ქ.ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა N17-ში მდებარე 14300,0 კვ.მ. (ს.კ. N05.30.02.027) და 1638,0 კვ.მ. (ს.კ. N05.30.02.026) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა, მისი შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის მიზნით, ასევე, ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11ა-ში, სახელმწიფოსა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. N05.24.08.091) განთავსებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები (მათზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცემა.
საკრებულომ თანხმობა მისცა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კომერციულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით იჯარით სარგელობაში გადაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია დაკმაყოფილდეს მოქალაქე ნოდარ მახარაძის განცხადება და მის საკუთრებაში არსებული 113.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული 29,40 კვ.მ. ფართის (ს/კ 05.24.07.141.01.501) კომერციული ობიექტის საქმიანობის გაფართოვების და ხელშეწყობის მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, 05 წლის ვადით, იჯარით სარგებლობაში გადაეცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში,ინასარიძის ქ. №3-ის მიმდებარედ არსებული 39.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.24.07.156), ხოლო მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვროს 1465 ლარის ოდენობით.
სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით განსაკარგი პლაჟის მონაკვეთების წლიური საფასურის დამტკიცების და პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხს, ასევე განსაზღვრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური და დაამტკიცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების განახლებულ ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატან ცვლილები.
სხდომაზე მიიღეს განკარგულება, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. განკარგულების მიღების მიზანს წარმოადგენს ქ. ბათუმში, დაბა ჩაქვში, ტუბაზა „ჩაქვი“-ს მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის საკითხში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერა, პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.
დღესვე ქალაქის მერს მიეცა თანხმობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უზუფრუქტის ფორმით სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები) სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას ითვალისწინებდა, სხდომის დასაწყისში საკითხი ამოღებულ იქნა დღის წესრიგიდან, ვინაიდან კომისიის თავმჯდომარემ საკუთარი განცხადების საფუძველზე თავად დატოვა აღნიშნული თანამდებობა.
საკრებულოს მორიგი სხდომა დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1981
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები