ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 18
თარიღი: 2021-08-03
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N18

 მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის და მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და 85-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის
შედგენის წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

სულიკო თებიძე

 

 


დანართი

 

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა (შემდგომში პროგრამა), როგორც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი მექანიზმი,

წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობით მუშავდება და განისაზღვრება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტები.

2. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიზნად ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.

3. პროგრამა ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის ელექტრონული პლატფორმის (შემდგომში - ელექტრონული პლატფორმა) გამოყენებით, ასევე პირდაპირი ხმის მიცემის გზით.

4. ელექტრონული პლატფორმის გამოყენების, სისტემის მომხმარებლების პერსონალური მონაცემის დამუშავების წესებს და პირობებს ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები


1. იდეა - პროგრამის ფარგლებში დადგენილი ფორმატით ჩამოყალიბებული და
წარმოდგენილი აზრი, ჩანაფიქრი, ხედვა, რომელიც მოიცავს მიზანს, დასაბუთებას და აღწერას,
შესრულების ვადებს, მოსალოდნელ შედეგს და სავარაუდო ბიუჯეტს.

2. აპლიკანტი - საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პროგრამის ფარგლებში წარადგენს იდეას (განაცხადის სახით);

3. პროექტი - იდეა, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და გადადის ხმის მიცემის ეტაპზე.

4. სისტემის მომხმარებელი - პროექტისათვის ხმის მიცემის მსურველი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც აღემატება 18 წელს.

 

მუხლი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს პროგრამის დაფინანსებისათვის საჭირო თანხის ოდენობა.

 

მუხლი 4. პროგრამის მიზანი


პროგრამის მიზანს წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა მოქალაქეთა საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება და საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება.

 

მუხლი 5. პროგრამის სახეები და ფორმა


1. პროგრამა შესაძლებელია განხორციელდეს ტერიტორიული, თემატური ან შერეული სახით.

2. პროგრამის ტერიტორიული სახით განხორციელება ნიშნავს, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული ზონების/უბნების მიხედვით.

3. პროგრამის თემატური სახით განხორციელება ნიშნავს, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული თემების მიხედვით.

4. პროგრამის შერეული სახით განხორციელება ნიშნავს, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების განაწილება მოიცავს როგორც ტერიტორიულ, ისე თემატურ ნიშანს და თითოეულზე განაწილებულია განსაზღვრული სახსრები.

5. პროგრამისთვის დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს.

 

თავი II
პროგრამის მართვა

 

მუხლი 6. პროგრამის განხორციელებაში ჩართული მხარეები


1. პროგრამის განხორციელებაში ჩართული მხარეებია:

ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში - მერი);

ბ) მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო (შემდგომში - საბჭო);

გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო).

2. მერი პასუხიმგებელია პროგრამის მომზადებაზე და განხორციელებაზე, ფინანსების გამოყოფაზე, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის საინფორმაციო მხარდაჭერაზე, გამარჯვებული პროექტების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვაზე, მის შემდგომ იმპლემენტაციაზე და ანგარიშგებაზე.

3. საბჭო პასუხისმგებელია წარდგენილი იდეების ანალიზზე და საჯარო ხმის მიცემის პროცედურით შედეგების შეჯამებაზე.

4. საკრებულო პასუხიმგებელია მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის კონტროლზე.

 

მუხლი 7. საბჭო


1. პროგრამის განხორციელებისათვის იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობას და ხელმძღვანელს ამტკიცებს მერი.

2. მერი უფლებამოსილია, საბჭოს შემადგენლობაში მოიწვიოს საკრებულოს შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეები, მაჟორიტარი დეპუტატები, პროფესიული, აკადემიური წრეების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მოსახლეობის წარმომადგენლები.

3. საბჭო ანგარიშვალდებულია მერთან.

4. საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) საჯაროობა;

გ) კოლეგიურობა;

დ) მოქალაქეთა მონაწილეობა;

ე) ანგარიშვალდებულება.

5. საბჭოს უფლებამოსილება:

ა) საქმიანობის უკეთ განხორციელების მიზნით უფლებამოსილია შეიმუშავოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის წლიური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;

ბ) უწევს კოორდინაციას და საკონსულტაციო მხარდაჭერას მოქალაქეებს/საინიციატივო ჯგუფებს საპროექტო წინადადებების მომზადების პროცესში;

გ) ახდენს საპროექტო განაცხადების პირველად ტექნიკურ გადარჩევას ამ დადგენილების მე-9
მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით;

დ) ორგანიზებას უწევს მოსახლეობისათვის პროექტების წარდგენისა და განხილვის,
შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის წარმართვის პროცესს;

ე) საბიუჯეტო კალენდრის გათვალისწინებით მერს წარუდგენს გადაწყვეტილებას მომავალი წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით, მოქალაქეების მიერ შერჩეული საპროექტო წინადადებების ნუსხის შესახებ;

ვ) ამტკიცებს ხმის მიცემის შედეგებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას დასკვნის ან/და რეკომენდაციის სახით;

თ) უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებები.

6. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა.

 

თავი III
პროგრამის ეტაპები და პროცესი

მუხლი 8. პროგრამის ეტაპები 


პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) მომზადება;

ბ) იდეების წარდგენა;

გ) იდეების ანალიზი;

დ) ხმის მიცემა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენა;

ე) პროექტების ბიუჯეტში ასახვა; ვ) პროექტების განხორციელება; ზ) ანგარიშგება და კონტროლი.

მუხლი 9. პროგრამის შედგენის პროცესი და პროცედურები

1. მომზადება

ა) ყოველი წლის 1 მარტიდან მერი საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მომდევნო წელს განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტს, თემატიკას, ტერიტორიას (ზონებს/უბნებს), დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობას და თითოეული პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების წარდგენის ფორმებსა და ვადებს.

ბ) პროგრამის ფარგლებში მომდევნო წელს განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტი არ უნდა იყოს მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული არაფინასნური აქტივების ზრდის საერთო მაჩვენებლის 1%-ზე ნაკლები.

გ) მუნიციპალიტეტის მერია აწყობს საჯარო შეხვედრებს მოქალაქეებთან და აწვდის ინფორმაციას მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში წარსადგენი პროექტების წარდგენის პროცედურებისა და ვადების შესახებ.

 


2. იდეების წარდგენა

ა) იდეების წარდგენა ხორციელდება მერის მიერ წინასწარ დადგენილ ვადაში და ფორმატით.

ბ) თითოეულ აპლიკანტს შეუძლია არაუმეტეს სამი იდეის დარეგისტრირება.

გ) იდეების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულ პლატფორმაში.

დ) იდეების დარეგისტრირება შესაძლებელია ასევე მუნიციპალიტეტის მერიის სერვის ცენტრებში (ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით), რომელიც უნდა აიტვირთოს ელექტრონულ პლატფორმაში.

 


3. იდეების ანალიზი

ა) მერის მიერ დადგენილ ვადებში, საბჭო ახორციელებს წარდგენილი იდეების ანალიზს.

ბ) იდეების ანალიზის მიზნით საბჭო იკრიბება მინიმუმ ორჯერ.

გ) საბჭოს პირველ შეკრებაზე ხორციელდება იდეების პირველადი ანალიზი, ტექნიკური გადარჩევა რომლის მიზანია იდეების აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა:

გ.ა) განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული;

გ.ბ) ხორციელდებოდეს მერის მიერ დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში;

გ.გ) იდეა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას;

გ.დ) განაცხადით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა ექცეოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების და განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში;

გ.ე) იდეის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას;

გ.ვ) იმ შემთხვევაში, თუ იდეის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ქონება უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

გ.ზ) იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია, ასევე არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს.

გ.თ) შემოტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.

დ) იდეა, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, გამოირიცხება და მიეთითება დეტალური მიზეზი, თუ რატომ არ იქნა შერჩეული აღნიშნული პროექტი შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, რაც დაუყონებლივ ეცნობება იდეის ავტორს.

ე) პირველადი ანალიზის პროცესში შესაძლებელია მსგავსი პროექტების კომბინირება და იდეების შევსება.

ვ) საბჭო უფლებამოსილია ხარვეზის შემთხვევაში იდეის ავტორს მოთხოვოს ბიუჯეტის დაზუსტება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

ზ) ხარვეზის აღმოიფხვრის მიზნით, იდეის ავტორებს უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის მერიიდან (მერიის შესაბამისი სამსახურებიდან და უწყებებიდან) მიიღონ კონსულტაციები ბიუჯეტის მომზადების და სხვა ტექნიკური საკითხების თაობაზე.

თ) საბჭოს შემდგომ შეკრებაზე ხორციელდება იდეების საბოლოო ანალიზი, რომლის შედეგად საბჭო გამოავლენს განაცხადებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს.

ი) იდეას, რომელიც საბოლოო ანალიზის შედეგად აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ენიჭება პროექტის სტატუსი, თავსდება ელექტრონულ პლატფორმაზე, შესაბამის ბლოკში და მონაწილეობს საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში.

კ) ის იდეები, რომელთა შერჩევაც არ მოხდა საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, ასევე თავსდება ელექტრონულ პლატფორმაზე შესაბამის ბლოკში, სადაც მიეთითება დეტალური მიზეზი, თუ რატომ არ იქნა შერჩეული აღნიშნული იდეა ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად.

ლ) ყველას აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს მუნიციპალიტეტს ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით საკუთარი შენიშვნები ანალიზის შედეგებთან დაკავშირებით.

მ) მერი უფლებამოსილია საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვროს პროექტების შეფასება/გადარჩევის დეტალური პროცედურები, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და უწყებების მიერ ინფორმაციის დამუშვების წესები და ვადები.

 


4. ხმის მიცემა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენა

ა) ხმის მიცემა ხორციელდება ელექტრონულ პლატფორმის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია პირდაპირი ხმის მიცემის გზით.

ბ) ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები.

გ) ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში,
რომელიც არ უნდა იყოს 15 დღეზე ნაკლები.

დ) ხმის მიცემის პროცესის ზედამხედველობას ახორციელებს საბჭო.

ე) ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის უფლება გააჩნია სისტემის მომხმარებელს.

ვ) ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილე მოქალაქეს უფლება აქვს ხმა მისცეს მხოლოდ ერთხელ და მაქსიმუმ სამ პროექტს.

ზ) ხმის მიცემის დამატებითი წესები და პირობები განისაზღვრება მერის მიერ.

თ) პროექტების რეიტინგის ფორმირება ხორციელდება ხმის მიცემის პროცედურის შედეგად მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად.

ი) პროექტების ხმის მიცემის პროცედურის შედეგების გათვალისწინებით საბჭო ადასტურებს ხმის მიცემის პროცედურის შედეგებს.

 


5. პროექტების ბიუჯეტში ასახვა

ა) პროექტები, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე დააგროვებენ საუკეთესო შედეგებს რიგითობის მიხედვით, მონაწილეობითი ბიუჯეტისათვის განსაზღვრული ასიგნების მოცულობის ფარგლებში, ასახული იქნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტში და ექვემდებარება დაფინანსებას.

ბ) ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე საუკეთესო შედეგად ჩაითვლება პროექტი, რომელიც დააგროვებს ხმის მიცემაში მონაწილე მოქალაქეების არანაკლებ 20%-ის ხმას.

 


6. პროექტების განხორციელება

ა) პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახული პროექტების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ბაზრის კვლევას და საჭიროების შემთხვევაში - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას;

ბ) ბაზრის კვლევის ან/და მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გათვალისწინებით შესაძლებელია პროექტის ღირებულების ცვლილება, ასევე პროექტის ავტორთან შეთანხმებით შესაძლებელია პროექტის ფარგლებში ცალკეული ღონისძიების კორექტირება და შეცვლა, რაც არ უნდა იწვევდეს პროექტის მიზნებისა და მოსალოდენლი შედეგების არსებით ცვლილებას;

გ) შემდგომ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროექტების ფარგლებში საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას;

დ) პროექტის განხორციელების, მათ შორის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისას მუნიციპალიტეტის მერია ასევე უზრუნველყოფს პროექტის ავტორის ინფორმირებას და ჩართულობას.

ე) მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ასევე პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას მერიის, ელექტრონული პლატფორმის ვებ- გვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებზე.

 


7. ანგარიშგება და კონტროლი

ა) მერი გასული წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს საკრებულოს მონაწილეობით ბიუჯეტირების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს, სადაც აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა.ა) მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის მიმოხილვა - დარეგისტრირებული პროექტების ჩამონათვალი და აღწერა, ანალიზის შედეგები, ხმის მიცემის შედეგები;

ა.ბ) დაგეგმილი და ფაქტიურად განხორციელებული პროექტების შესახებ ფინანსური ინფორმაცია.

ა.გ) მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მიზნებისა და მიღწეული შედეგების შედარება;

ა.დ) მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის გამოწვევები და მიღწევები.

ბ) საკრებულო შესაბამის კომისიებში იხილავს, იძლევა შეფასებებს და რეკომენდაციებს პროექტების მიმდინარეობასთან და შედეგებთან დაკავშირებით.

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები