ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა
22 ნოემბერი 2018
 

ლუკა ასათიანის სხდომათა დარბაზში საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ბიუჯეტის პროექტი კომისიის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ედნარ ნატარიძემ წარუდგინა. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 154,361,6 ლარითაა განსაზღვრული. პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება მუნიციპალური იფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება, მუნიციპალური სერვისების განვითარება, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. 

დღესვე, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომის დაწყებამდე, სხდომა გამართა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამაც, რომელმაც საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას ბიუჯეტის პროექტზე დადებითი დასკვნა წარუდგინა. ბიუჯეტის პროექტზე დასკვნები, ასევე, წარადგინეს საკრებულოს სხვა კომისიებმაც.
თავის მხრივ, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია შემაჯამებელ დასკვნას არა უგვიანეს 25 ნოემბრისა წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავე დღეს დაუბრუნებს ქალაქის მერს ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებითურთ. თავმჯდომარის წერილთან ერთად მერს გადაეგზავნება საფინასო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი დასკვნის დამოწმებული ქსეროასლი ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების თაობაზე.
ქალაქის მერი ვალდებულია განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად.
ბიუჯეტის პროექტის განხილვას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად, არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2397
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები