ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ელექტრონული პეტიციის აპლიკაციის პრეზენტაცია საკრებულოში
20 ივლისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში დღეს, ბათუმის საკრებულოსა და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით, ელექტრონული პეტიციის აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ წარმომადგენლები ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც, ბათუმის საკრებულოს მსგავსად, ასევე დაინერგა პეტიციის ელექტრონული სახით წარდგენის წესი. ელექტრონული პეტიციის პროგრამული უზრუნველყოფა აღნიშნულ საკრებულოებს უსასყიდლოდ გადასცა და მის დანერგვაში დაეხმარება გაუწია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა.
შეხვედრაზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ განაცხადა, რომ ბათუმის საკრებულომ, თვითმმართველ ქალაქებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დანერგა პეტიციის ელექტრონული სახით წარდგენის წესი: „ბათუმის საკრებულოში ელექტრონული პეტიციების ამოქმედების თაობაზე პეტიცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ფარგლებში შემოვიდა, რომლის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მუნიციპალიტეტის საკრებულომ, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის დახმარებით, საკუთარ ვებგვერდზე განათავსა შესაბამისი აპლიკაცია. აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით ქალაქ ბათუმის ამომრჩევლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ ელექტრონული პეტიცია საკრებულოში და გააკეთონ მასზე ხელმოწერა“.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საკრებულოს წარუდგენს ინიციატივას ელექტრონული პეტიციის წარდგენისთვის საჭირო ამომრჩეველთა 1 პროცენტიანი ბარიერის 0.5 პროცენტამდე დაწევის თაობაზე, რაც მოქალაქეებს გაუადვილებს მათი ინიციატივებისა და იდეების მუნიციპალიტეტამდე მოტანას და ხელს შეუწყობს მათი ჩართულობის გაზრდას ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შეხვედრაზე ელექტრონული პეტიციების მნიშვნელობასა და ამ პლატფორმის ამოქმედების მიზნით გაწეულ საქმიანობაზე ვრცლად ისაუბრა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დირექტორმა არჩილ ხახუტაიშვილმა. მისი განცხადებით, „ელექტრონული პეტიციების წარდგენის პლატფორმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია და ამ შესაძლებლობების შესახებ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია. თუ რამდენად გამოიყენებენ ისინი ამ პლატფორმას, ეს უკვე საზოგადოების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული“.
ელექტრონული პეტიციის აპლიკაციის პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა კოტე კანდელაკმა წარუდგინა და თავის მხრივ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მზად არის უსასყიდლოდ გაუწიოს პროგრამული უზრუნველყოფა იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც ჯერ კიდევ არ არის დანერგილი ელექტრონული პეტიციის წარდგენის წესი.
პრეზენტაციას ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4292
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები