2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც სხდომათა დარბაზისთვის ლუკა ასათიანის სახელის მინიჭებას ითვალისწინებს.
განკარგულების პროექტი, ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი აბრის - „ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი“ - შესასვლელ კარზე განთავსებასა და სხდომათა დარბაზში თვალსაჩინო ადგილზე ლუკა ასათიანის პორტრეტის გამოფენას.
კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის განცხადებით, „1901 წელს, როდესაც ლუკა ასათიანი გარდაიცვალა, მაშინდელი ქალაქის სათათბიროს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბათუმის სათათბიროს სააქტო დარბაზში თვალსაჩინო ადგილზე გამოფენილიყო ლუკა ასათიანის პორტრეტი და შემდეგში ეს გადაწყვეტილება აღასრულეს კიდეც. ჩვენ ვეცადეთ, გაგვერკვია ამ პორტრეტის ბედი, თუმცა, ჯერჯერობით, ხელმოსაჭიდ წყაროებს ვერ მივაკვლიეთ. ვფიქრობთ, რომ სხდომათა დარბაზისთვის ლუკა ასათიანის სახელის მინიჭება და დარბაზში მისი პორტრეტის განთავსება, ბათუმის წინაშე მისი ღვაწლის დაფასების კიდევ ერთი დადასტურება იქნება, მით უმეტეს, რომ 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წელი უსრულდება. თუკი საკრებულო ამ საკითხზე მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, 28 აპრილს აბრა დარბაზის კარზე განთავსდება, ხოლო, რაც შეეხება პორტრეტს, აპარატი და კომისია მოიწვევს დარგის სპეციალისტებს და გადაწყდება, ვინ უნდა შექმნას ლუკა ასათიანის პორტრეტი“.
აღნიშნული განკარგულების პროექტის ინიციატორი განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაა, ხოლო პროექტის ავტორი - ბათუმის საკრებულოს აპარატი.
განკარგულების პროექტს ბათუმის საკრებულო ხვალ, 20 აპრილის მორიგ სხდომაზე განიხილავს.